Thumbnail

სატრანსფერო ფანჯარა ზაფხულიდან იანვრამდე - ფიფა კლუბებზე ზრუნავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ფიფა მზადაა, კლუბებთან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის 2021 წლის იანვრამდე გახანგრძლივების შესაძლებლობა განიხილოს. ბრიტანული მედიის ცნობით, ამ ნაბიჯის გადადგმის მიზანი, კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირების შეჩერებისგან დაზარალებული კლუბების დახმარებაა, რათა მათ საბიუჯეტო ბალანსის აღდგენა მოახერხონ.

როგორც ირკვევა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო კლუბებთან ამ საკითხის განხილვას უახლოეს მომავალში აპირებს. ცნობილია, რომ ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელმა ამ იდეას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა.

პანდემიამ საფეხბურთო კლუბები ფინანსურად მნიშვნელოვნად დააზარალა

ზოგადად კი, ვარაუდობენ, რომ საფეხბურთო კლუბები, რომლებმაც კორონავირუსის გამო დიდი ფინანსური ზარალი ნახეს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ძვირადღირებული ტრანსფერების განხორციელებას მოერიდებიან. 

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საფრთხის გამო, ევროპაში ეროვნული ჩემპიონატები გაჩერებულია და გამონაკლისი მხოლოდ ბელარუსი რჩება, სადაც მატჩებს ჯერ კიდევ ატარებენ. ამასთან, გადადებულია ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის შეხვედრები, ხოლო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა 2020 სულაც ერთი წლით გადაავადეს.

COVID-19-მა თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის მიწურულს იფეთქა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა 18 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები

ბოლო ამბები