Thumbnail

კორონავირუსი | კრიშტიანო რონალდო და მისი აგენტი საავადმყოფოებს ეხმარებიან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

მთელ მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსთან ბრძოლაში თავისი წვლილის შეტანას ფეხბურთის სამყაროში ცნობილი არაერთი სახე ცდილობს. ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ, თავის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან ერთად, ლისაბონისა და პორტუს საავადმყოფოებისთვის მილიონ ევროზე მეტი გაიღო. 

კორონავირუსის პანდემიამ მსხვერპლი პორტუგალიაშიც გამოიწვია

როგორც ირკვევა, კრიშტიანო და მისი აგენტი სრულებით დააფინანსებენ ორ საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის სამი განყოფილების აგებას, სადაც კორონავირუსით დაავადებულებს უმკურნალებენ. 

"ჟორჟე მენდეში და კრიშტიანო რონალდო ლისაბონის საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის ორ განყოფილებას ააშენებენ. თითოეული ფრთა, ათი საწოლით, სრულებით იქნება აღჭურვილი იმისთვის, რათა კორონავირუსით დაავადებულ, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს უმკურნალოს. ეს განყოფილებები მენდეშისა და რონალდოს სახელობის იქნება", - ამბობს ლისაბონის საავადმყოფოს წარმომადგენელი.

იუვენტუსის ვარსკვლავი იზოლაციაში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება

თავად 35 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი სამშობლოში, კუნძულ მადეირაზე კარანტინში იმყოფება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით იუვენტუსის სამი ფეხბურთელი (დანიელე რუგანი, ბლეზ მატუიდი და პაულო დიბალა) დაინფიცირდა, თუმცა თავად კრიშტიანოს ტესტი უარყოფითი იყო.

COVID-19-მა თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის მიწურულს იფეთქა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა 17 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 102 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. 24 მარტის მონაცემებით, პორტუგალიაში ვირუსმა 30 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები