Thumbnail

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გადაიდო და 2021 წელს გაიმართება. ზუსტი თარიღები ჯერჯერობით უცნობია. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც პოპსპორტის კითხვებს უპასუხა.

popsport: ცნობილია, რომ ოლიმპიური თამაშები 2021 წელს გაიმართება. როგორ აფასებ ამ გადაწყვეტილებას?

ვარლამ ლიპარტელიანი: თუ იმ ვითარებას გავითვალისწინებთ, რაც მსოფლიოშია შექმნილი, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეს. საქმე ეხება სპორტსმენების, მწვრთნელების, დელეგაციების წევრების, ექიმების და გულშემატკივრების უსაფრთხოებას. ასე რომ, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო.

popsport: ამ გადაწყვეტილებამ ალბათ მთლიანად შეცვალა შენი გეგმები...

ლიპარტელიანი: ამ პერიოდში ყველა იზოლაციის რეჟიმში ვცხოვრობთ და შესაბამისად, ვერ ვახერხებთ ნორმალურად ვარჯიშს. სპორტსმენები ოპტიმალური ფორმისგან შორს ვართ და მოგვიწევს თავიდან დავსახოთ გეგმები. ტურნირები გადაიდო, ვერცერთი ერთობლივი შეკრება ვერ შედგა და ამ რეალობაში, ოლიმპიადას ვერ შევხვდებოდით კარგ ფორმაში. ახალი რეალობით, დრო გვაქვს რომ თავიდან დავისახოთ გეგმები და იდეალურად მოვემზადოთ ოლიმპიური თამაშებისთვის. ერთი წელი დიდი დროა და მესმის, რომ ბევრს გული დაწყდა, მაგრამ ვფიქრობ, პროფესიონალი სპორტსმენი მოიკრებს ძალას და ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება ტოკიოს თამაშებს.

popsport: საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ინდივიდუალურად ვარჯიშს მაინც თუ ახერხებ?

ლიპარტელიანი: ხელის ტრავმა მაქვს და კიდევ ორი კვირა ვერ შევძლებ ვარჯიშს. თუმცა, ეს პრობლემა რომც არ მქონდეს, მაინც ვერ შევძლებდი სრულფასოვნად მომზადებას. ინდივიდუალური ვარჯიშით შეიძლება ტონუსი შეინარჩუნო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად. 

popsport: ბოლომდე ითვალისწინებ რეკომენდაციებს და როგორ ატარებს დროს ამ პერიოდში?

ლიპარტელიანი: ვითვალისწინებ იმ ადამიანების რჩევებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავამარცხოთ ეს გლობალური პრობლემა. დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

კომენტარები

ბოლო ამბები