Thumbnail

'ყველაფერი ჩემს ხელთაა' - მახარაძე საქართველოს ნაკრებში გამოძახებას ელოდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ზორიას 27 წლის მეკარე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრებში შანსი მიეცემა
  • ლუგანსკელთა გოლკიპერისთვის წელიწადი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეჩერდა 

ლუგანსკის ზორიას მეკარე ზაურ მახარაძე, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით, ორი წლის წინ საქართველოს მოქალაქის პასპორტი მისცეს და ეროვნულ გუნდშიც მიიწიეს, იმედი აქვს, რომ ნაკრებში ისევ გამოიძახებენ. 

უკრაინაში დაბადებულმა მეკარემ საქართველოს პასპორტი ორი წლის წინ მიიღო

უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილი მახარაძე, ამ ქვეყნის ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილში ზორიას მთავარი მეკარე გახდა და ბოლო 5 მატჩიდან 4-ში ითამაშა, მაგრამ კორონავირუსის გამო, პირველობა უკრაინაშიც გაჩერდა. 

"ზორიას გოლკიპერმა ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილი დიდებულად ჩაატარა, ჰქონდა რამდენიმე შთამბეჭდავი მატჩი და დაეხმარა თავის გუნდს ცხრილში მეორე ადგილზე აღზევებულიყო. ახლა ზაური, როგორც სხვა ლუგანსკელი ფეხბურთელები, ჩემპიონატის განახლების მოლოდინშია. ის იცავს კარანტინს, ვარჯიშობს და ოცნებობს ჩემპიონთა ლიგაზე", - წერს footboom, რომელთან ინტერვიუში  მახარაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თავის შანსებზეც ისაუბრა.

მახარაძემ ბოლო ტურში, შახტართან მოგებულ მატჩში (1:0) კარი მშრალად შეინახა

"ველოდები თუ არა საქართველოს ნაკრებში გამოძახებას? რა თქმა უნდა! ახლა ჩემი ამოცანა ბევრი მუშაობა, სტაბილურად თამაში და კარგი დონის ჩვენებაა. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყურადღებასაც მომაქცევს. ყველაფერი ჩემს ხელთაა, მთავარია, ვარჯიშებსა და მატჩებში ბოლომდე გავისარჯო", - ამბობს ზაური, რომელსაც 24 მარტს 27 წელი შეუსრულდა.

ვლადიმირ ვაისმა ზაურ მახარაძე საქართველოს ნაკრებში, პირველად და უკანასკნელად, 2018 წლის ზაფხულში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის (მალტასა და ლუქსემბურგთან) გამოიძახა. მეკარე შეკრებაზეც ემზადებოდა, თუმცა საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი მას არ ჰქონია. 

კომენტარები

ბოლო ამბები