Thumbnail

‘სწორედ იმას აკეთებდა, რასაც ავალებდნენ’ – ფაჩულია დეკადის გუნდში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ზაზა ფაჩულია მავერიქსის სათადარიგო ხუთეულში დაასახელეს
  • ქართველი ცენტრი დალასელთა ღირსებას 2015-16 წლების სეზონში იცავდა

საკალათბურთო ვებგვერდმა Last Word on Pro Basketball დალას მავერიქსის დეკადის (2010-2020) გუნდი შეადგინა და სასიხარულოა, რომ რჩეულთა შორის ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულიაც მოხვდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტექსასელთა ღირსებას 2015-16 წლების სეზონში იცავდა და საკმაოდ შედეგიანი მატჩებიც ჰქონდა.

შედეგად, ზაზა მავერიქსის ათწლეულის გუნდის სათადარიგო ხუთეულში მოხვდა ჯეისონ ტერისთან, ჯეი ჯეი ბარეასთან, მონტა ელისთანა და ჰარისონ ბარნსთან ერთად.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ დალასელთა სასტარტო შემადგენლობაში ლუკა დონჩიჩი, ჯეისონ კიდი, შონ მერიონი, დირკ ნოვიცკი და ტაისონ ჩენდლერი შეიყვანეს.

აი, როგორ ახასიათებს ხსენებული ვებგვერდი ქართველ კალათბურთელს.

ზაზა ფაჩულია

სათადარიგო ცენტრებს შორის დიდი არჩევანი არც ყოფილა, რადგანაც კრისტაპს პორზინგისისთვის ათწლეულის გუნდში დასახელება ნაადრევად გვეჩვენება. იგივეს თქმა შეგვიძლია მაქსი კლებერზეც.

მართალია, ზაზა ფაჩულიას მავერიქსში დიდი დრო არ გაუტარებია, თუმცა, იქ ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი ჩაატარა.

დალასში ზაზამ 76 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 8.6 ქულა და 9.4 მოხსნა ჰქონდა.

ამის შედეგიც იყო, რომ მან ოლ სტარის გამოკითხვაში საკმაოდ ბევრი ხმა მიიღო, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მაშინ ამ პროცესში მისი პერსონალური ფანების მთელი არმია იყო ჩართული.

ფაჩულია გუნდში სწორედ იმას აკეთებდა, რასაც მისგან ითხოვდნენ: კარგად იბრძოდა ფარზე და როდესაც შეტევის საშუალება ეძლეოდა, ქულებსაც აგროვებდა.

მავერიქსში გატარებულ სეზონში მას მოხსნებში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, ქულებში კი – მე-3 შედეგი.

კომენტარები

ბოლო ამბები