Thumbnail

ტოკიო 2020 | კანადა და ავსტრალია თამაშებზე არ გამოვლენ, სოკ-ი ჯერ ფიქრობს

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გრაფიკში ცვლილებების შესაძლო შეტანას ეხება. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში თამაშების სტარტი 24 ივლისს არის დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის გავრცელებამ ოლიმპიადის დათქმულ ვადებში ჩატარება ეჭვქვეშ დააყენა.

ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთიდან იაპონიაში უკვე ჩაიტანეს

"სოკ-ი, "ტოკიო 2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტთან, იაპონიის ხელისუფლებასა და ტოკიოს მმართველობასთან ერთად, სწრაფად შეუდგება მსოფლიო ჯანდაცვის სფეროში შექმნილ ვითარებასა და ოლიმპიურ თამაშებზე მისი გავლენის განხილვას, მათ შორის, გადატანის სცენარის. სოკ-ი დარწმუნებულია, რომ საკითხის განხილვას უახლოეს ოთხ კვირაში დაასრულებს.

2020 წლის ოლიმპიური თამაშებების გაუქმებით, არ გადაიჭრება არცერთი პრობლემა და ის არავის წაადგება. ამიტომ, გაუქმება დღის წესრიგში არ დგას", - ნათქვამია განცხადებაში.

კანადა რიო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში 314 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი

კანადის ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ თავის სპორტსმენებს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე არ გაუშვებს და თამაშების ერთი წლით გადავადების ინიციატივით გამოდის.

"კანადის კომიტეტებმა გადაწყვიტეს, რომ არ გაგზავნოს გუნდები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე და მოუწოდებენ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, საერთაშორისო პარალიმპურ კომიტეტსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, თამაშები ერთი წლით გადავადდეს. 

კორონავირუსი და თანმდევი რისკები ჩვენი სპორტსმენებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება კი მათი ოჯახებისთვის უმთავრესია. ჩვენი N1 ამოცანა ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა უნდა იყოს. ამჟამად ჯანდაცვის სფეროში გლობალური კრიზისი გვაქვს, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სპორტი", - ნათქვამია განცხადებაში. 

რიოში ავსტრალიელებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-8 ადგილი დაიკავეს

კანადელთა განცხადებას მალევე მოჰყვა ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის მიმართვაც სადაც ასევე ნათქვამია, რომ პანდემიის გამო, ქვეყანა ოლიმპიურ გუნდს ვერ შეკრებს და თამაშებისთვის მომზადებას ერთი წლის შემდეგ შეძლებენ.

"ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა აღმასკომის ტელეკონფერენცია ჩაატარა, სადაც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ავსტრალიის გუნდის შეკრება შეუძლებელი იქნება როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ შექმნილი ვითარების გამო. 
 
სოკ-მა ჩამოაყალიბა უმთავრესი პრინციპები, რომლის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობა პირველ ადგილზე უნდა იდგეს. ჩვენი გადაწყვეტილება ამ პრინციპებთან თანხვედრაშია. 

ერთმნიშვნელოვნად, თამაშების ივლისში ჩატარება შეუძლებელია. ჩვენს სპორტსმენებს ვარჯიშისა და სამზადისის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ სტრესი და გაურკვევლობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული, მომზადებას მეტისმეტად რთულს ხდის", - ნათქვამია განცხადებაში. 

გეგმის თანახმად, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშებს ტოკიომ 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა უმასპინძლოს და მასში 200-ზე მეტი ქვეყნის 12 500-მდე სპორტსმენი უნდა წარსდგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები