Thumbnail

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი ევროპის ჩემპიონატის ერთი წლით გადადების გამო დიდ ფინანსურ ზარალს ელოდება.

“უკვე ცხადია, რომ უეფა ევრო 2020-ის ერთი წლით გადადებით ასობით მილიონ ევროს დაკარგავს,” - განაცხადა სლოვენიელმა გერმანულ გაზეთ “ველტ ამ ზონთაგთან” ინტერვიუში, - ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ყველაზე მეტი შემოსავალიც მოაქვს. აქედან ცხადია, რომ ჩვენ უდიდეს მსხვერპლზე წავედით.”

მას მერე, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ფეხბურთის თამაში თითქმის ყველა ქვეყანაში შეწყდა, უეფამ 55 წევრ ქვეყანასთან და კლუბების ასოციაცია ECA-სთან ერთად, გასულ სამშაბათს ევროპის ჩემპიონატის გადადება გადაწყვიტა. ამით ქვეყნებს საშუალება მიეცემათ, მიმდინარე სეზონი შედარებით გვიან ჩაამთავრონ - თუკი ეს საერთოდ იქნება შესაძლებელი.

ევრო 2020 2021 წლის ზაფხულში ჩატარდება

ჩეფერინმა ინტერვიუში უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს უეფა ლიგებისგან და კლუბებისგან ევრო 2020-ის გადადების სანაცვლოდ 300 მილიონ ევროს ითხოვდა. “ჩვენ უბრალოდ შეგვპირდნენ, რომ თუ საჭირო იქნება, სოლიდარულები იქნებიან. მხოლოდ ეს იყო და მეტი არაფერი. ამ მომენტისთვის ასეთი დაპირებაც საკმარისია,” - დასძინა 52 წლის ჩეფერინმა.

მისი თქმით, უეფას 575 მილიონი ევროს ოდენობის რეზერვი აქვს, რასაც ფინანსური კრიზისის შემთხვევაში გამოიყენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები