Thumbnail

აკრძალვის საპირისპიროდ - ნაპოლი წვრთნის პროცესის განახლებას აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა ნაპოლიმ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ გუნდი ვარჯიშს 25 მარტიდან განაახლებს.

ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იტალიის ხელისუფლებისა და ლიგის ხელმძღვანლეობის აკრძალვას, ქვეყანაში ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების ჩატარების შესახებ. შეგახსენებთ, რომ იტალიაში, სადაც კორონავირუსი განსაკუთრებით მძვინვარებს, ყველა სპორტული ღონისძიება 3 აპრილამდე შეჩერებულია. 

კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი იტალიაში ძალიან დიდია

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერია A-ს კიდევ ერთი კლუბი, რომელსაც ვარჯიშის განახლება მკაცრი კარანტინის ვადის გასვლამდე სურს, რომის ლაციოა. მანამდე იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა დამიანო ტომაზიმ განაცხადა, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება მეტისმეტად სარისკოა.

📺 პიოტრ ზიელინსკი ვეღარ ითმენს და ძაღლთან ერთად ვარჯიშობს

ამას გარდა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ უკვე განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის განახლება 2-3 მაისისთვის იგეგმება, მატჩების შუა კვირაში ჩატარებით კი ჩემპიონატი 30 ივნისისთვის უნდა დასრულდეს.

ნაპოლის მიზანი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა

იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილს, 26 ტურის შემდეგ, ტურინის იუვენტუსი ლიდერობს, რომელსაც 63 ქულა აქვს. პირველ სამეულში ასეე არიან: რომის ლაციო (62) და მილანის ინტერი (54). ნაპოლი 39 ქულით მეექვსე ადგილზეა. 

ახალი კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის მიწურულს გამოჩნდა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. დღეს იტალია ევროპაში დაავადებულთა რიცხვით პირველ ადგილზეა - ქვეყანაში 47 ათასზე მეტი ინფიცირებულია, საიდანაც 4 ათასზე მეტი გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები