Thumbnail

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს და ტოკიო 2020-ის ორგანიზატორებს ივლისის ბოლოს დაგეგმილი ზაფხულის თამაშების გადადება არ სურთ, მაგრამ ბოლო დღეებში სულ უფრო მეტი ადამიანი მოითხოვს, რომ ოლიმპიადა გადაიდოს. ახლა ამ საკითხს ყოფილი ძუდოისტი, იაპონელი კაორი იამაგუჩიც გამოეხმაურა, რომელიც იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის წევრია. იგი პირველი იაპონელი ფუნქციონერია, რომელმაც განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების გადადების მომხრეა. 

“ოლიმპიური თამაშები მსოფლიო მშვიდობის სიმბოლოა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩავატაროთ ოლიმპიადა, თუკი ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ამ უდიდესი სპორტული მოვლენით სიამოვნებას ვერ მიიღებენ,” - განაცხადა იამაგუჩიმ გაზეთ ‘ნიკეისთან’ ინტერვიუში.

55 წლის იამაგუჩი პასუხისმგებელი პირებისგან გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას მოითხოვს: “ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს, რადგან სპორტსმენები რისკის ქვეშ არიან, თუკი ისინი ვარჯიშს განაგრძობენ, თამაშები კი შეიძლება არ გაიმართოს,” - ამბობს იაპონელი და ამით აკრიტიკებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს და თომას ბახს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სპორტსმენებს ვარჯიშის გაგრძელებისკენ მოუწოდა. მანამდე არაერთმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ოლიმპიადის გადადება აუცილებელია.

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის მომდევნო თათბირი 27 მარტსაა დაგეგმილი. წამყვანი სპორტული გამოცემების ინფორმაციით, დიდია შანსი, რომ ამ დღეს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გადადება გადაწყდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები