Thumbnail

‘ის NBA-ში ითამაშებს’ – მოახერხებს სეტონ ჰოლი მამუკელაშვილის შენარჩუნებას?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘მომავალ სეზონში სანდრო NCAA-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იქნება’
  • ქართველ კალათბურთელს NBA-ს არაერთი წარმომადგენელი აკვირდება

სხვა სპორტულ ღონისძიებებთან ერთად, აშშ-ში შეჩერებულია NCAA-ს მატჩებიც, შესაბამისად, უქმობა უწევს 20 წლის სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლსაც.

ამ დროს ნიუ ჯერსის წამყვანმა გაზეთმა Asbury Park Press გასული მატჩებისთვის შეჯამებისთვის მოიცალა და სეტონ ჰოლის ხელმძღვანელობას მომავალი სეზონისთვის გადასადგმელი 5 უმთავრესი ნაბიჯი დაუსახა.

სანდრო მამუკელაშვილი სეტონ ჰოლის ერთ-ერთი ლიდერია

საყურადღებოა, რომ ჩამონათვალში პირველი პუნქტი ასეთია:

შეინარჩუნეთ სანდრო მამუკელაშვილი!

2.11 მ. სიმაღლის კალათბურთელი, რომელიც კარგად ესვრის და ბურთს ოსტატურად ატარებს, ამომავალი ვარსკვლავია. სეტონ ჰოლის მთავარი მწვრთნელს კევინ ვილარდს სჯერა, რომ მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს.

სხვა საქმეა, რომ კორონავირუსის გამო, საკალათბურთო სეზონიც აირია და ამ დროისთვის გაუგებარია, NBA-ს დრაფტზე დადგომა როგორ მოხდება.

“არ ვიცი, ეს როგორ იქნება, თუმცა, იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ NBA-ს გენერალური მენეჯერები და სკაუტები სანდროს თამაშს აქტიურად აკვირდებიან და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამენ”, - ამბობს ვილარდი.

და რა მოხდება, თუკი მამუკელაშვილი მომავალ სეზონსაც NCAA-ში გაატარებს. სეტონ ჰოლის დამრიგებელს პასუხი ამაზეც აქვს:

“ის სტუდენტურ კალათბურთში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იქნება”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერის გუნდმა საკონფერენციო მატჩებში 5 მარცხის წილ 13 გამარჯვება მოიპოვა და ბიგ ისთში მე-3 ადგილი დაიკავა.

სეტონ ჰოლს პლეი ოფის პირველ შეხვედრაში, 13 მარტს, მარკეტ გოლდენ იგლსთან უნდა ეთამაშა, თუმცა, პანდემიის გამო, სეზონი გაურკვეველი ვადით შეწყდა.

კომენტარები

ბოლო ამბები