Thumbnail

მილანის ინტერის ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე თავის კონტროლი უჭირს.

ბელგიელი ფეხბურთელი კვირაზე მეტია თვითიზოლაციაში იმყოფება და ერთი სული აქვს, საფეხბურთო სეზონი როდის განახლდება.

“გუშინ ლამის ჭკუიდან შევიშალე. ვერსად გავდივარ, ვერ ვვარჯიშობ, გაგიჟების პირას ვარ. უკვე 9 დღეა სახლში ვზივარ. სხვებიც თავიანთ ბინებში არიან გამოკეტილნი.

კლუბის წარმომადგენლებთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. გვკითხეს, ველოტრენაჟორი ან სარბენი ბილიკი ხომ არ გვჭირდებოდა და ეს პრობლემა მალევე აღმოფხვრეს. საჭმელიც ყოველდღიურად მოაქვთ.

ცხოვრების ნორმალური სტილი ძალიან მენატრება. დედასთან, შვილთან, ძმასთან ერთად ყოფნა მომენატრა... მუდმივად მათზე ვფიქრობ. ძალიან ცუდია, როდესაც საყვარელ ხალხთან ურთიერთობის საშუალება არ გაქვს.

ვარჯიშიც მომენატრა, თამაშები, ქომაგები. სწორედ ასეთ დროს იწყებ იმის დაფასებას, რაც ადრე გქონდა და ჩვეულებრივად გეჩვენებოდა. გამიმართლა, რომ გასახსენებელი მართლაც ბევრი მაქვს”.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში 3 აპრილამდე ყველა საფეხბურთო ტურნირი შეჩერებულია, თუმცა, უკვე ცხადია, რომ ეს ვადა კიდევ გადაიწევს.

იტალია იმ ქვეყანათა რიგშია, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად აზარალა. ამ დროისთვის, აპენინებზე დაინფიცირების 41 035 შემთხვევაა დაფიქსირებული, 3 405 ადამიანი კი გარდაიცვალა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები