Thumbnail
  • ტორინოს კაპიტანმა ახლო მომავალში შესაძლოა კლუბი შეიცვალოს
  • ტურინელთა 26 წლის ფორვარდით რომა და ნაპოლი ინტერესდებიან

ტორინოსა და იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ანდრეა ბელოტიმ შესაძლოა კლუბი შეიცვალოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინული გუნდის კაპიტნის გადაბირებით რომა და ნაპოლი ინტერესდებიან. 
 
ბელოტის ტორინოსთან კონტრაქტში პირგასამტეხლო თანხად 100 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა ეს პირობა არაიტალიურ კლუბებზე ვრცელდება. სხვათა შორის, მანამდე ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ინგლისურ ევერტონს მიაწერდნენ. 

ანდრეა ბელოტის იტალიის ნაკრების მაისურით 9 გატანილი გოლი დაუგროვდა

ანდრეა ბელოტი ტორინოში 2015 წლის ზაფხულში, პალერმოდან გადავიდა. მაშინ ტრანსფერის ფასმა 8,4 მილიონი ევრო შეადგინა. ანდრეას ტურინელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ტორინოს 26 წლის თავდამსხმელმა სერია A-ს ამ სეზონში 23 მატჩში ითამაშა და 9 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად იტალიის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია და მის განახლებას მაისის დასაწყისისთვის ვარაუდობენ. 

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 26 მატჩის შემდეგ, რომას 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. ნაპოლი 39 ქულით მეექვსეა, ხოლო ტორინო 27 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები