Thumbnail

ბელარუსი ერთადერთ ევროპულ ქვეყნად იქცა, სადაც ამ დროის მდგომარეობით ფეხბურთს თამაშობენ.

უფრო მეტიც, ბელარუსში ეროვნულმა ჩემპიონატმა სტარტი სწორედ დღეს (!) აიღო, მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, მანამდე მიმდინარე ყველა ტურნირიც კი ჩაიშალა.

ბოლო ქვეყანა, სადაც სეზონი შეწყდა, თურქეთი გახლდათ.

დღეს, თურქეთის სპორტის მინისტრმა საფეხბურთო, საკალათბურთო და ფრენბურთის ჩემპიონატების შეჩერების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რამდენიმე საათში კი, სტარტი ბელარუსის პირველობამ აიღო.

ჩემპიონატის სტარტს წინ ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ორიგინალური განცხადება უძღოდა.

“კორონავირუსი ფსიქოზის ნაწილი მგონია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი შეიშალა.

პანიკა საჭირო არ არის. არსებობს საშუალებები, რომლებიც ვირუსთან ბრძოლაში დაგვეხმარება.

რამდენიმე ჭიქა არყის მიღება ცუდი იდეა არ არის. ოღონდ, სამსახურებში ამისგან თავი შეიკავეთ.

აბანოშიც ხშირად უნდა ვიაროთ. როგორც ჩინელები იტყობინებიან, +60 გრადუსზე ვირუსი ვეღარ ცოცხლობს”.

ლუკაშენკოს ამ განცხადების შემდეგ, გასაკვირი არ ყოფილა, რომ სეზონის გადადება ვერც ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ გაბედა.

დღეს, პირველი ტურის 2 საწყისი შეხვედრა ჩატარდა და ქვეყნის ყველაზე სახელოვანმა გუნდმა ბატემ სტუმრად ენერგეტიკთან 1:3 წააგო, გიორგი დიასამიძისა და ლაშა შინდაგორიძის შახტიორი კი ტორპედო-ბელაზთან 0:1 დამარცხდა.

შინდაგორიძემ სოლიგორსკელთა მაისურით შეუცვლელად ითამაშა, დიასამიძემ კი ყვითელი ბარათი მიიღო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქეა. ეს მატჩი თბილისში 26 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაიდო.

კომენტარები

ბოლო ამბები