Thumbnail

NBA-ს კომისიონერმა ადამ სილვერმა კალათბურთელების კორონავირუსზე სწრაფი ტესტები დაიცვა. მან ნიუ იორკის მერ ბილ დე ბლაზიოს უპასუხა, რომელმაც მანამდე NBA გააკრიტიკა. დე ბლაზიო აცხადებდა, რომ არასწორია NBA-ს სუპერვარსკვლავებისთვის კორონავირუსზე სწრაფი ტესტების ჩატარება იმ დროს, როცა ჩვეულებრივი მოქალაქეები ტესტების რიგს დიდხანს ელოდებიან.

“ჩემი აზრით, მთელ NBA-ს არ უნდა ჩაუტარდეს სწრაფი ტესტები იმ დროს, როცა მძიმე ავადმყოფი პაციენტები თავიანთ ტესტებს ელოდებიან. ტესტები მდიდრებს კი არა, ავადმყოფებს უნდა ჩაუტარდეს,” - დაწერა დე ბლაზიომ ტვიტერზე.

ნიუ იორკის მერი ბილ დე ბლაზიო

ადამ სილვერის თქმით, ამ დროისთვის მთლიანად NBA-ს 8 გუნდს ჩაუტარდა ტესტები. ასევე სხვა გუნდების რამდენიმე მოთამაშეს. “მე მესმის მისი. არ არის კარგი, როცა ტესტების დროს არჩევა ხდება. თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ცოტა ტესტია,” - უთხრა სილვერმა ESPN-ს. მისი თქმით, ტესტების ჩატარებისას NBA-მ მხოლოდ ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევების მიხედვით იმოქმედა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში რეგულარული სეზონი მას შემდეგ შეწყდა, რაც იუტა ჯაზის ლიდერ რუდი გობერს კორონავირუსი დაუდგინდა. ვირუსი დაუდასტურდა მის თანაგუნდელ დონოვან მიტჩელსაც. ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული ბრუკლინ ნეტსში - მათ შორის, კორონავირუსი სუპერვარსკვლავ კევინ დურანტსაც აქვს. გუნდები კარანტინში არიან.

“ჩვენ მხოლოდ ისე ვიმოქმედეთ, როგორც ექიმებმა გვირჩიეს,” - განაცხადა NBA-ს ბოსმა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები