Thumbnail

პანდემიამ ხელბურთიც გააჩერა – ჯერჯერობით, 12 აპრილამდე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (IHF) ივნისისთვის გადაიტანა ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირები, ხოლო ევროპულმა ფედერაციამ (EHF) მინიმუმ 12 აპრილამდე შეაჩერა ყველა ევროტურნირი და სანაკრებო შეჯიბრება. შეჩერებულია ეროვნული ჩემპიონატებიც.

ოლიმპიადის 3-3 საკვალიფიკაციო ტურნირი ქალთა შორის 20-22 მარტს უნდა გამართულიყო, კაცებში კი – 17-19 აპრილს. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვადა ჯერჯერობით უცვლელია: 24 ივლისი – 9 აგვისტო.

ევროპის ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა EHF-ს პრეზიდენტის მიხაელ ვიდერერის მიმართვა, რომელშიც ნათქვამია:

“ევროპული ფედერაცია მთლიანად ინფორმირებულია კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციის შესახებ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ყველა შესაძლო სცენარს, თუ როდის შეიძლება განახლდეს და როგორ დასრულდეს სეზონი, მაგრამ ჯერჯერობით სიტუაცია ისეთია, რომ უახლოესი 3 კვირის განმავლობაში დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება.

ყველა ახალი ინფორმაცია გამქვეყნდება ევროპული ფედერაციის ვებგვერდზე, ჩვენ კი, ამ რთულ დროში გისურვებთ ყოველივე კარგს, უპირველესად – ჯანმრთელობას!“.

რაც შეეხება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მუშაობას: საქართველოს ჩემპიონატის ბოლო მატჩი 4 მარტს გაიმართა, რის შემდეგაც, ყველა, ექვსივე ჩემპიონატი – ქალთა და ვაჟთა უმაღლესი ლიგა და 2-2 ასაკობრივი პირველობა, შეჩერდა.

ვერ დასრულდა კაცთა ახალგაზრდული ნაკრების მორიგი შეკრება,  რომელიც მძლეოსნობის სასახლეში მიმდინარეობდა და გადაიდო გოგონათა ნაკრების მორიგი სავარჯიშო ციკლი.

ცხადია, შინაური სეზონის განახლება-დასრულება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

კომენტარები

ბოლო ამბები