Thumbnail

თურქეთი ევროპული მასშტაბით ლამის ერთადერთი ქვეყნად რჩება, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო, სპორტული ღონისძიებები არ შეწყვეტილია. გასაკვირი არაა, რომ ეს განსაკუთრებით ლეგიონერთა შორის უკმაყოფილებას იწვევს და ზოგიერთმა მათგანმა ქვეყანა თვითნებურადაც კი დატოვა.

თავდაპირველად, თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატზე ვთქვათ, სადაც ამ დროისთვის ძალიან დაძაბული ბრძოლაა. ტრაბზონსპორსა და ისთანბულს 53-53 ქულა აქვთ, ლიდერებს 3 ქულით ჩამორჩება გალათასარაი, 4-ით კი – სივასპორი.

გასულ უქმეებზე ტრაბზონმა და ისთანბულმა ფრედ (1:1) ითამაშეს, გოლები ევროპული მასშტაბით ცნობილმა ფეხბურთელებმა დემბა ბამ და მარტინ შკრტელმა გაიტანეს, ტრაბზონის კიდევ ერთი სახელოვანი ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი კი გუნდის განაცხადში საერთოდ არ ყოფილა.

32 წლის ნიგერიელმა ფეხბურთელმა თამაშამდე 1 დღით ადრე დაწერა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე მინდორზე გასვლა არ სურს და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას სეზონის გაუქმებისკენ მოუწოდა.

“ცხოვრება გაცილებით მეტია, ვიდრე – ფეხბურთი. თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ და ამ სიტუაციაში ფეხბურთის თამაში არ მინდა. ამ კრიტიკულ პერიოდში ყველა ჩვენთაგანი შინ, ახლობლებთან ერთად უნდა ვიყოთ. ასეთ დროს, როდესაც მსოფლიო მძიმე მდგომარეობაშია, სეზონი უნდა გადავდოთ”.

საინტერესოა, რომ კლუბი ობი მიკელის ამ განცხადებას არ გამოხმაურებია, სამაგიეროდ, ჯონი გაამხნევეს ჩელსიში ყოფილმა თანაგუნდელებმა.

“ბრძნული სიტყვებია”, - დაწერა დიდიე დროგბამ.

“მართალი ხარ, ჯონ. ცხოვრება ფეხბურთზე მნიშვნელოვანია”, - უპასუხა რადამელ ფალკაომ, რომელიც ამჟამად გალათასარაის ღირსებას იცავს.

ტრაბზონი აღნიშნულ სიტუაციას მხოლოდ გუშინ გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ობი მიკელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ირკვევა ისიც, რომ აფრიკელმა ფეხბურთელმა ხელფასზე უარი თქვა. Turkish Football-ს ცნობით, მიკელი ვერც კომპენსაციას მიიღებს და კუთვნილ ბონუსებზეც უარი განაცხადა.

ცნობისთვის, ნიგერიელი ტრაბზონულ კლუბს 2019 წელს შეუერთდა და იქ 2021 წლამდე ინდა დარჩენილიყო. მან 19 მატჩის ჩატარება მოასწრო, თუმცა, გოლით თავი არ გამოუჩენია.

გალათასარაის კალათბურთელებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

ფეხბურთელების მსგავსად, აურზაურია თურქულ კალათბურთშიც. ერთობლივი განცხადება გაავრცელეს სტამბოლის გალათასარაის მოთამაშეებმა:

“ვაფასებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება ვირუსის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, თუმცა, უცნაურად გვეჩვენება, რომ დახურულ კარს მიღმა თამაშს ვაგრძელებთ. ყველამ დავინახეთ, რომ არასწორმა ნაბიჯებმა მეზობელ ქვეყნებში დაინფიცირების შემთხვევების მატება გამოიწვია. იგივე ჩვენთან არ უნდა განმეორდეს”.

ანადოლუ ეფესის ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა შეინ ლარკინმა სეზონის გაჩერება ჯერ კიდევ პანდემიის საწყის ეტაპზე მოითხოვა.

“არ მინდა, ვინმეს მიმართ უპატივცემულობა გამოვიჩინო, თუმცა, არ მესმის რატომ გრძელდება სეზონი თურქეთში მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ქვეყანაში მატჩები გაუქმდა ან გადაიდო”.

სავარაუდოა, რომ თურქებს სეზონის გაჩერება მაინც მოუწევთ, რადგანაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევევმა ძალიან იმატა.

5 დღის წინ თურქეთში მხოლოდ 4 დაავადებული იყო, უკანასკნელ დღეებში, ინფიცირებულთა რიცხვმა 98-ს უწია და ამასთან, გარდაცვალების 1 შემთხვევაც დაფიქსირდა.

იმის გასაგებად, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება კორონავირუსი თურქეთში, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქვეყნის მასშტაბით პირველი დადებითი ტესტი 11 მარტს დაფიქსირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები