Thumbnail

'ყველას გეთამაშებით' - ჯობავას გამოწვევა საჭადრაკო სამყაროს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა საინტერესო ინიციატივით გამოვიდა.

ქართველი დიდოსტატი კორონავირუსის პანდემიის გამო, თვითიზოლიაციაში მყოფ იტალიელ მოჭადრაკეებსა თუ ჭადრაკის მოყვარულებს თანადგომას უცხადებს და მზადაა, ყველას, ვინც Chess.com-ზეა დარეგისტრირებული, ყოველდღე, თბილისის დროით 22:00-23:00 საათებში ელვისებურ ჭადრაკში გაეჯიბროს.

ბაადურმა ყველა პროფესიონალ მოჭადრაკეს მოუწოდა მისი ინიციატივა გაიზიარონ და ამით, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ იტალიელ კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

ჯობავას წინადადებამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მას იტალიის გარდა, სხვა ქვეყნებიდანაც შეეხმიანენ. შედეგად, ქართველმა მოჭადრაკემ მზადყოფნა გამოთქვა, არა მხოლოდ იტალიელებს, არამედ ნებისმიერ ჭადრაკის მოყვარულს ეთამაშოს.

ბაადურის ქომაგები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დაინტერესდნენ, რაზეც ქართველმა მოჭადრაკემ ასეთი განმარტება მოაყოლა.

“პანიკურ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვარ, თუმცა, უსაფრთხოების წესებს ნამდვილად ვიცავ, რასაც ყველა ადეკვატური ადამიანი უნდა აკეთებდეს. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი არასწორი ქცევით არა მხოლოდ საკუთარ თავს ვაზარალებთ, არამედ გარშემო მყოფთაც. ამდენად, იყავით პასუხისმგებლიანები!”.

იტალია ჩინეთის შემდეგ მე-2 ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე მეტად აზარალა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, იტალიაში ინფიცირების 31 506 შემთხვევაა დაფიქსირებული, 2 503 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთის დახმარებით საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის გაორმაგებული საპრიზო ფონდით ტარდება, ასევე კომპანია ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები