Thumbnail

'ძალიან საიმედო' - საბა კვერკველია რუსეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

  • მოსკოვის ლოკომოტივის მცველმა როსტოვთან მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
  • 28 წლის ქართველი ფეხბურთელი 22-ე ტურის სიმბოლურში championat.com-მა შეიყვანა 

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის მცველი საბა კვერკველია რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. 28 წლის ფეხბურთელი როსტოვთან მატჩში საიმედო თამაშისთვის championat.com-მა გამოარჩია, სადაც სიმბოლურ ნაკრებს ტრადიციულად ვალერი გაზაევი ადგენს. 

მოსკოვის ლოკომოტივმა ბოლო ტურში სტუმრად როსტოვს ანგარიშით 3:1 მოუგო. კვერკველიამ, რომელსაც წინა ტურში მიღებული წითელი ბარათი გაუუქმეს, მატჩი შეუცვლელად, თავიდან ბოლომდე მაღალ დონეზე ჩაატარა.

"ლოკომოტივის გამარჯვებაში როსტოვთან, სიომინის გუნდის ცენტრალური მცველების დამსახურება დიდია. კვერკველიამ ძალიან საიმედოდ ითამაშა", - წერს საიტი.

საბა კვერკველიამ, რომელსაც შარშან ტრავმა ჰქონდა, რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სულ 4 მატჩში ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მცველი ზამთრის პაუზის შემდეგ ლოკომოტივის ძირითად შემადგენლობაში უპრობლემოდ დაბრუნდა და ბოლო 3 შეხვედრაშიც სტაბილურად თამაშობდა.

საბა კვერკველიას ლოკომოტივის ძირითადში დაბრუნება არ გასჭირვებია

კორონავირუსის გამო, პაუზა რუსეთის პრემიერლიგაშიც გამოცხადდა - 10 აპრილამდე. მოსკოვის ლოკომოტივს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ლიდერ ზენიტს კი 9 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები