Thumbnail
  • რა შედეგები ექნება ევროპის საიუბილეო ჩემპიონატის გადაწევას?
  • რა ხდება სხვა ტურნირებთან დაკავშირებით?
  • ინტერვიუ სფფ-ის სპორტული ღონისძიებების მენეჯერ ირაკლი ნაკაიძესთან

დღეს უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატი, რომელიც წელს, ზაფხულში უნდა გამართულიყო, 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება. რა შედეგები ექნება საიუბილეო ჩემპიონატის გადაწევას? რა მოლოდინები არსებობს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ სხვა ტურნირებთან დაკავშირებით? ამ საკითხებზე სასაუბროდ სფფ-ის სპორტული ღონისძიებების მენეჯერს და უეფა-ს დელეგატს, ირაკლი ნაკაიძეს დავუკავშირდით.

POPSPORT: რა უარყოფითი შედეგები შეძლება მოყვეს ევროპის ჩემპიონატის ერთი წლით გადაწევას?

ირაკლი ნაკაიძე: ევროპის ჩემპიონატი ერთ-ერთი ურთულესი პროექტია. ეს ტურნირი 12 სხვადასხვა ქვეყანაში უნდა გაიმართოს, რაც უეფას პასუხისმგებლობას ძალიან ზრდის. რა თქმა უნდა, ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც მასპინძლადაა შერჩეული, ყველა იმ ქალაქში, სადაც მატჩები უნდა გაიმართოს, საორგანიზაციო სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებული იყო. ამ სამუშაოებში ჩართულები იყვნენ ადამიანები, რომლებიც უეფას ადგილობრივ ფედერაციებს ჰყავდათ დაქირავებული. ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ამ ადამიანებთან შრომითი ურთიერთობების გაგრძელების საკითხია. გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ გააუქმა შეკვეთა მაგალითად ბუდაპეშტში, სადაც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების ვიზიტისთვის სასტუმროს ათეულობით ნომერი იყო დაჯავშნილი. უეფას გარკვეული ვალდებულებები აქვს სპონსორებთანაც, თუმცა ამ კუთხით გართულებები მოსალოდნელი არ არის.

'ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპები ივლისში იწყება'

POPSPORT: გადადებულია ევროტურნირების ფინალური მატჩებიც…

ირაკლი ნაკაიძე: ეს კიდევ ერთი პრობლემაა. კალენდარი ძალიან მჭიდროა, მაგრამ ვინაიდან გადაიწია ევროპის ჩემპიონატმა, გაჩნდა საშუალება, რომ ერთი თვით გადაწეულიყო საკლუბო ტურნირების ფინალებიც. ჯერ არაა გადაწყვეტილი, რა ფორმატით გაგრძელდება ჩემპიონთა ლიგა, ან ევროპალიგა. საუბარი იყო მინიტურნირებზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპები ივლისში იწყება. ანუ, კლუბებს, რომლებიც ჩემპიონატების შედეგების მიხედვით ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ, ამ მატჩებისთვის მომზადებისთვის ძალიან მცირე დრო რჩებათ.

POPSPORT: რაც შეეხება საქართველოში ჩასატარებელ ტურნირებს - რა შეიძლება მოხდეს მათთან დაკავშირებით?

ირაკლი ნაკაიძე: საქართველოს და ბელარუსის შეხვედრა გადატანილია და ეს ბუნებრივია. ზაფხულში ჩვენ 19 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უნდა ვუმასპინძლოთ. საქართველოს ნაკრების გარდა, ფინალურ სტადიაზე კიდევ შვიდმა გუნდმა უნდა ითამაშოს, თუმცა არცერთი ჯერ გარკვეული არაა. ეს ტურნირი 22 ივლისს უნდა დაიწყოს, მისი წილისყრა 22 აპრილისთვისაა დაგეგმილი, მაგრამ ამ ვითარებაში გუნდების გამოვლენა შეუძლებელი ხდება. იგივე შემიძლია ვთქვა ასაკობრივი ნაკრებების შესახებაც. პრაქტიკულად ყველგან ელიტრაუნდებია გასამართი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, თავის დროზე არც ასაკობრივი ნაკრებების ტურნირების ფინალური სტადიები გაიმართოს, თუმცა ამ შემთხვევებში უფრო მოქნილი მოქმედების შესაძლებლობები გვაქვს. ეს ტურნირები მაინც არ არს ორგანიზაციული თვალსაზრისით ისეთი დატვირთული, როგორიც ევროპის ჩემპიონატია.

კომენტარები

ბოლო ამბები