Thumbnail
  • პოპსპორტი წარმოგიდგენთ Rugby World Cup-ის 5 გამორჩეულს მატჩს
  • ლომუ, უილკინსონი, 12-ლელოიანი დუელი და 'ბორჯღალოსნების' ისტორიული მოგება

კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო სახლში ყოფნა გვიწევს. სპორტული ღონისძიებები შეჩერებულია და ასეთ დროს, თვითიზოლაციაში, ძველი, ლეგენდარული მატჩების ნახვა კარგია. პოსპორტმა უკვე შემოგთავაზათ ფეხბურთის ისტორიის 5 გამორჩეული მატჩი, ახლა კი დროა, რაგბის მსოფლიო თასის ხუთი საუკეთესო თამაში ნახოთ.

ახალი ზელანდია 45:29 ინგლისი [1995]

ჯონა ლომუ 1995 წლის მსოფლიო თასზე საოცარ ფორმაში იყო. ახალზელანდიელები ტურნირის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა 16-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. ლომუმ ამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა და ნაკრები ფინალში გაიყვანა, თუმცა 'ოლ ბლექსმა' ტიტული მაინც ვერ მოიგო და ფინალში სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა - 12:15.

ახალი ზელანდია 53:37 უელსი [2003]

2003 წლის მსოფლიო თასის D ჯგუფში ლიდერებმა ერთმანეთს 90 ქულა გაუტანეს. შეხვედრაში 12 ლელო დაიდო. უელსელებმა პირველი ტაიმი 22:28 დათმეს, რის შემდეგაც მეორე ნახევარში დაწინაურებაც მოახერხეს - 37:33, თუმცა 'ოლ ბლექსმა' დარჩენილ ნახევარ საათში კიდევ 20 ქულა აიღო და მატჩიც მოიგო.

საფრანგეთი 20:18 ახალი ზელანდია [2007]

ახალზელანდიელებმა ჯგუფური ეტაპი საოცრად ითამაშებს. მეტოქეებს მარტივად გადაურბინეს და ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტადაც მოიაზრებდნენ, თუმცა ფრანგებმა მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს და ახალი ზელანდია სახლში გაუშვეს. მიუხედავად ტრიუმფისა, ფრანგებმა ტურნირი უმედლოდ დაასრულეს: ნახევარფინალი ინგლისთან დათმეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი - არგენტინასთან.

ავსტრალია 17:20 ინგლისი [2003]

2003 წლის მსოფლიო თასის ფინალმა ქომაგთა მოლოდინი გაამართლა. ალბათ, ეს დაპირისპირება ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო რაგბის ისტორიაში. ინგლისელები მატჩს 14:11-ს იგებდნენ და შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთამდე რჩებოდა, როდესაც ბურთი დაკარგეს და ავსტრალიელებმა მეტოქის შერკინებაში დაჯარიმება მოახერხეს. ბოლო წუთზე ანგარიში გათანაბრდა და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ნაკრებებმა ისევ თითო ჯარიმა გაცვალეს. შეხვედრის მე-100 წუთი მიმდინარებოდა, როდესაც ჯონი უილკინსონმა არკენი დაარტყა და ინგლისს ჩემპიონობა მოუტანა.

ინგლისი 19:7 ახალი ზელანდია [2019]

ახალი ზელანდია ნებისმიერ მსოფლიო თასზე ფავორიტად მიიჩნევა. არც 2019 წელი იყო გამონაკლისი, მაგრამ ახალზელანდიელებს ინგლისელებმა გასაქანი არ მისცეს. ინგლისმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და მატჩიც მათი გამარჯვებით დასრულდა. ედი ჯონსის ნაკრებმა მეტოქეს საოცარი დაცვა შესთავაზა. მარო იტოჯე კი ამ მატჩში უბრალოდ შეუდარებელი იყო.

ბონუსი: საქართველო 17:10 ტონგა [2015]

ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელიც ''ბორჯღალოსნების'' გამარჯვებით დასრულდა. ტონგელებს ლელოები მამუკა გორგოძემ და გიორგი თხილაიშვილმა დაუდეს. 2015 წლის მსოფლიო თასი საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა, რადგანაც მილტონ ჰეიგის გუნდმა პირველად შეძლო მსოფლიო თასზე 2 მატჩის მოგება და იაპონიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ადგილი ავტომატურად გაინაღდა.

კომენტარები

ბოლო ამბები