Thumbnail

'თემურმა ბევრს დაუმტკიცა, რომ ცდებოდნენ' - კვიპროსული მედია ქეცბაიაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კორონავირუსის პანდემიამ კვიპროსის ჩემპიონატიც გააჩერა
  • თემურ ქეცბაიას პირველი სეზონი შეაჯამეს

კვიპროსის პირველობაც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, Goal.com.cy-მა კი პაუზით ისარგებლა და ანორთსისის ქართველ თავკაც თემურ ქეცბაიას სტატია მიუძღვნა. 

სხვათა შორის, 16 მარტს თემურს ანორთოსისის ვარჯიშის გამართვა მაინც სურდა, ის ბაზაზე მივიდა, თუმცა მთავრობის რეგულაციებმა გუნდს ვარჯიშის უფლება აღარ მისცა. 

თემურ ქეცბაია 2009 წელს დაემშვიდობა ანორთოსისს და ბერძნულ ოლიმპიაკოსში გადავიდა, ის გუნდში ზუსტად 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ამჟამად ანორთოსისს 46 ქულა აქვს და ომონიასთან ერთად ლიდერობს ჩემპიონატს.

Goal.com.cy: "მართალია, რომ ანორთოსისის სათარიგოთა სკამზე თემურ ქეცბაიას დაბრუნებამ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი დაუბრუნა. ყველა მიხვდა, რომ თემურის გუნდს გამარჯვებისკენ სწრაფვა და სეზონში რაღაც კარგის მიღწევის სურვილი ამოძრავებს.

ძალიან ბევრს ეგონა, რომ ქეცბაიას, სულ მცირე, ერთი წელი დასჭირდებოდა, რათა ანორთოსისის თავს მოხვეულ ათას პრობლემას გამკლავებოდა. რომ გუნდი ტიტულისთვის ბრძოლაში მხოლოდ შემდეგი სეზონიდან ჩაერთვებოდა. კლუბში არანორმალური პრობლემები იყო ყველა დონეზე. თემური მოვიდა და თავისი განცხადებით ყველას გაუგზავნა მესიჯი - მიზანი მაღალია, მას ტიტული სურს. მაშინ ბევრმა იფიქრა, რომ ქართველ მწვრთნელს ზედმეტი მოუვიდა...

ახლა, როცა კორონავირუსმა ჩემპიონატი 23-ე ტურზე შეწყვიტა, ქეცბაიას ანორთოსისი ომონიასთან ერთად ლიდერობს, მისი გუნდი კვიპროსის თასის ნახევარფინალშია და ბევრი აღარ აშორებს ოქროს დუბლის გაფორმებას. მისმა გუნდმა 45 გოლი გაიტანა და მხოლოდ 21 გაუშვა. როცა ბოლოს გახდა ჩემპიონი, ანორთოსისს 2007/08 წლებში ჰქონდა (თემურის ხელმძღვანელობით) - 23 ტურის შემდეგ 55 ქულა, 40 გოლი და 12 მიღებული.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, წლების შემდეგ კვიპროსის ლიგა უფრო კონკურენტუნარიანი გახდა. ქეცბაიას გუნდს აქვს კარგი შანსი 12-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოიგოს ჩემპიონატი". 

შეგახსენებთ, რომ ანორთოსისში 5 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ნიკა კაჭარავა. ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს ლუკა მიქაია. 

კომენტარები

ბოლო ამბები