Thumbnail

ევრო 2020 გადაიდო - უეფამ გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო მიიღო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, ევროპის 12 ქალაქში უნდა ჩატარებულიყო, წელს აღარ გაიმართება. ამის მიზეზი მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის საფრთხეა.

ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადავადდა და ის 2021 წელს გაიმართება, 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით. 

ამის შესახებ ინფორმაცია ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციამ ტვიტერზე უკვე გაავრცელა, უეფას ოფიციალური განცხადება კი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში იქნება.

ევროპის საფეხბურთო კავშირმა შესაბამისი გადაწყვეტილება 17 მარტს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე მიიღო, რომელზეც მიწვეული იყვნენ უეფას წევრი 55 ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე - ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელები და ევროპული ლიგებისა და ფეხბურთელთა პროფკავშირის (FIFPro) წარმომადგენლები. ვიდეოკონფერენციის მიზანი სწორედ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ვითარების განხილვა იყო.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც 2021 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, 2022 წლის ზაფხულისთვის გადაიდება. ის ხელს არ შეუშლის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს, რადგან მუნდიალი ყატარში, ზამთარში უნდა ჩატარდეს.

ევრო 2020-ის გახსნის მატჩი რომის ოლიმპიურ სტადიონზე 12 ივნისს უნდა გამართულიყო

კონტინეტნის რიგით მე-16 პირველობის ფინალური სტადიის მონაწილე 20 ნაკრები უკვე ცნობილია და ჯგუფებიც დაკომპლექტებულია (არასრულად). კიდევ 4 საგზურისთვის ბრძოლას 16 ნაკრები, მათ შორის საქართველოც აგრძელებს. საქართველოს ნაკრებს პლეი ოფის 1/2-ფინალში მეტოქედ ბელარუსი ჰყავს, მასთან გამარჯვების შემთხვევაში კი საგზურისთვის კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ის საგზურის მოსაპოვებლად ორი გამარჯვება სჭირდება

უეფამ ევროპაში COVID-19-ის გავრცელების გამო, ჯერ კიდევ 13 მარტს შეაჩერა მისი ეგიდით მიმდინარე ყველა საკლუბო ტურნირი. გაურკვეველი დროით გადაიდო 18 და 19 მარტს დაგეგმილი უეფას ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩები და 20 მარტს გასამართი ყველა საპასუხო ⅛-ფინალური შეხვედრა ევროპალიგაში. შესაბამისად, გადავადდა ამ ტურნირების ¼-ფინალური ეტაპების წილისყრაც (20 მარტი).

ასევე გადაიდო უეფას ჭაბუკთა ლიგის ¼-ფინალის შეხვედრები, რომლებიც 17 და 18 მარტს უნდა ჩატარებულიყო. 

COVID-19 თავდაპირველად გასული წლის მიწურულს, ჩინეთში გამოვლინდა და მოგვიანებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა. უკანასკნელი მონაცემებით, ვირუსმა 7 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. კორონავირუსის გამო უკვე გამოცხადდა პაუზა ევროპის თითქმის ყველა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები