Thumbnail

რუსული სპორტული მედიის ცნობით, ამ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი, სულ ცოტა, 10 აპრილამდე შეჩერდა. რუსეთის პრემიერლიგაში პაუზის გამოცხადების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

საბა კვერკველიას გუნდი ლიდერ ზენიტს 9 ქულით ჩამორჩება

შეგახსენებთ, რომ ამჟამად რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში საქართველოს ნაკრების 5 ფეხბურთელი გამოდის: საბა კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი), გია გრიგალავა (ტულის არსენალი), ჯიმი ტაბიძე (უფა), ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია (ყაზანის რუბინი).

მიმდინარე სეზონში გრიგალავამ 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა

რუსეთის პრემიერლიგაში გამართული 22 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში 50 ქულით სანკტ-პეტერბურგის ზენიტია. მეორე პოზიციას იკავებს კვერკველიას ლოკომოტივი (41), გრიგალავას არსენალი (28) მეშვიდეა, ტაბიძის უფა (27) - მეცხრე, ხოლო დავითაშვილისა და კვარაცხელიას რუბინი (23) - მეთოთხმეტე.

ტაბიძემ ჩემპიონატის 18 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი მიითვალა

რუსეთის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებით, პრემიერლიგასთან ერთად, პაუზა გამოცხადა ფეხბურთის ნაციონალურ (ФНЛ) და პროფესიულ (ПФЛ) ლიგებშიც.

COVID-19 თავდაპირველად გასული წლის მიწურულს, ჩინეთში გამოვლინდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. უკანასკნელი მონაცემებით, ვირუსმა 7 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. კორონავირუსის გამო უკვე გამოცხადდა პაუზა ევროპის წამყვან, ასევე - საქართველოს საფეხბურთო ლიგებში.

კომენტარები

ბოლო ამბები