Thumbnail

'იმ დღეს ბევრს აცილებდა' - ჰენდერსონი კობი ბრაიანტთან პირველ შეხვედრას იხსენებს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

📋 სტატია მომზადებულია ფილადელფია სიქსერსის ყოფილი მცველის, ჯერალდ ჰენდერსონის მონათხრობის მიხედვით.

'ფარს რაღაც სჭირს' - ეს იყო პირველი სიტყვები, რაც კობიმ მითხრა. მასზე ამბობენ, რომ პერფექციონისტია, მგონი უფრო მეტიც. პირველად მას მაშინ, შევხვდი, როდესაც 2009 წელს, შარლოტს ლეიკერსი ესტუმრა. თამაშის წინ სროლაში ვხურდებოდით. ჩემი პირველი სეზონი იყო ლიგაში. კობი პარკეტზე იდგა. მარტო. და ისროდა.

ჩემთვის, ფილადელფიაში გაზრდილი ბავშვისთვის, რომელმაც ბავშობის წლები ლოუერ მერიონის, კობის კოლეჯის ახლოს გაატარა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. კობი არა მხოლოდ ლეგენდა იყო, არამედ ჩემი მშობლიური ქალაქის ლეგენდაც (კობი ფილადელფიელია - ავტ).

9 წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა წამიყვანა ლოუერ მერიონის თამაშზე. კობიმ 50 ქულა ჩააგდო და მეოთხე მეოთხედში საერთოდ არ უთამაშია. ლოუერ მერიონს ძალიან პატარა დარბაზი ჰქონდა, მარტო ფეხზე დადგომა შეიძლებოდა და იქ ყველა კობის სანახავად იყო მისული.

2009 წელს უკვე ორივე NBA-ს მოთამაშეები ვიყავით. ის ჩემზე ცოტა უკეთესი იყო. ასე მეგონა. ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი კობი ჩემი გმირი გახლდათ. ვცდილობდი, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც ის აკეთებდა. მისი ცოცხლად ნახვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.

მეც ჩემს ნახევარზე ვდგავარ და ვისვრი. მატჩის დაწყებამდე 45 წუთია. ცალ თვალს კობისკენ ვაპარებ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ჩემი პირველი სეზონია ლიგაში. მაინტერესებს, როგორ ხურდება. ვფიქრობ, იქნებ მისგან რაიმე ვისწავლო.

უცნაური ის იყო, რომ ის უფრო მეტ სროლებს აცილებდა, ვიდრე აგდებდა. ბევრი ააცილა. უცებ გაჩერდა და მასთან არენის თანამშრომლები მივიდნენ. კობი მათ რაღაცებს უხსნიდა და ელაპარაკებოდა. მე არ მესმოდა, რას ლაპარაკობდნენ. მათ კიბე მოიტანეს და ფარის გაზომვა დაიწყეს. რაღაც ხდებოდა.

მე დარბაზის ცენტრთან ვიდექი და ამ ყველაფერს ვუყურებდი. კობი ჩემთან მოვიდა და მითხრა: 'ფარს რაღაც ჭირს, ნახევარი სანტიმეტრით დაბლაა.' ჩვენ ერთად ვუყურებდით, ფარს როგორ ზომავდნენ.

რაღაც წავიბრუტყუნე. არასოდეს მომესმინა მსგავსი მიზეზი. კობიმ გააგრძელა: 'მე ისეთ სროლებს ვაცილებ, რომელსაც ყოველთვის ვაგდებ. ფარს რაღაც ჭირს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ცოტა დაბლაა. ნახევარი სანტიმეტრით დაბლა.'

მე ამ დროს თავში ორი რამ მქონდა: 1. არ მჯერა, რომ კობის ველაპარაკე. 2. კობი, იქნებ უბრალოდ შენ ვერ აგდებ ამ სროლებს და ფარი არაფერ შუაშია.

თამაში 

ლარი ბრაუნი, შარლოტის მწვრთნელი, ახალგაზრდებს არ წყალობდა. ჩვეულებრივ, 5-10 წუთს მათამაშებდა. მაგრამ, მე გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ვიყავი. თამაშის წინ ბრაუნის ასისტენტს, ჯეფ კაპელს ვუთხარი: 'დღეს მინდა, რომ ვითამაშო. მინდა, რომ კობის დაცვა ვეთამაშო'. ისიც დამპირდა, რომ შანსს მივიღებდი.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვითამაშე ის იყო, რომ ბრაუნს უნდოდა ჩემი გამოცდა. იცოდა, რომ კობი ჩემი გმირი იყო. ამიტომაც, როდესაც ბრაიანტმა ჩვენს რამდენიმე მოთამაშეს ჯარიმები აკიდა, მე დამიძახა: 'შედი და კობი აიყვანე'.

ისე ვნერვიულობდი, რომ გულისცემა გახშირებული მქონდა, ხელები - სულ ოფლიანი. ჩემს პირველ სეზონში კობის წინააღმდეგ სათამაშოდ გავდიოდი.

პირველივე პოზიციაზე კუთხეში, კობის წინააღმდეგ აღმოვჩნდი. მთელი ცხოვრება მის ვიდოებს ვუყურებდი და მეგონა, რომ კობის თამაში ძალიან კარგად ვიცოდი. მანაც იცოდა, რომ ჩემი პირველი სეზონი იყო და თავიდანვე ჩემზე წამოვიდა. პირველ პოზიციაზე რამდენჯერმე სროლის იმიტაცია გააკეთა, თუმცა არ წამოვეგე. ადგილზე დავრჩი.

რამდენიმე პოზიციის შემდეგ ისევ კობის წინააღმდეგ აღმოვჩნდი. მას სივრცე ჰქონდა და შეეძლო, ესროლა. მოულოდნელად, ისევ სროლის იმიტაცია გააკეთა, მე ჰაერში ავიწიე და უცებ მივხვდი, რომ მომატყუა. არ ისროლა. იმის ნაცვლად, რომ კონტაქტს დალოდებოდა, უცებ შეიწია სამწამიანისკენ, ბურთი ფარს მიარტყა, ჰაერში თვითონვე მოხსნა და შემდეგ ჩატენა. დარბაზი კინაღამ გაგიჟდა. მან ისეთი რამ გააკეთა, რასაც სხვა ვერ მოიფიქრებდა. შეეძლო, ორი იოლი საჯარიმო მიეღო, მაგრამ სხვა გზა აირჩია. რატომ? ჰაილაითებისთვის? მაყურებლისთვის? თავისი ლეგენდისთვის? არ ვიცი! ის განსაკუთრებულია.

კობიმ თამაში 30 ქულით დაასრულა. მერე ლარი ბრაუნმა მითხრა, რომ კარგად ვითამაშე. ასეც იყო. როცა კობისნაირებს ეთამაშები, ბოლომდე ვერ დაიჭერ. უნდა აიძულო, რომ რთული სროლები შეასრულოს. იქნებ არ ჩავარდეს. კობისთან პრობლემა ის არის, რომ რთული სროლა მისი საუკეთესო სროლაა. ის ამ სროლებს სისტემატიურად აგდებდა. ყოველ თამაშზე ის ახალ-ახალი იარაღით გამოდიოდა. კარგი დაცვა მას მხოლოდ უკეთესს ხდიდა. აიძულებდა, რომ რამე ახალი მოეფიქრებინა.

ის ძალიან კარგი მცველი იყო. ყველა თამაშზე მოწინააღმდეგის საუკეთესო მოთამაშეებს მეურვეობდა. ჩვენ არ ვაფასებთ, როგორ ეხერხება პასში თამაში. საერთოდაც, მის მე-20 სეზონში, როდესაც ტრავმებმა კობი გააწამა, თითქოს დაგვავიწყდა, რეალურად რას ნიშნავდა იგი კალათბურთისთვის.

დასკვნის ნაცვლად

თამაში დასრულდა. პარკეტიდან გამოვდიოდი. დავინახე რამდენიმე კაცი, რომელთაც თამაშის წინ კიბე ეჭირათ და ფარს უტრიალებდნენ. უნდა მეკითხა, რა მოხდა. ვკითხე კიდეც. 'ვიღაცამ შენიშნა, რომ ფარი ჩვეულებრივზე ცოტა დაბლა იყო. არ იღელვო, უკვე გავასწორეთ.' - იყო პასუხი. შემდეგ მან მითხრა, თუ რამდენით იყო ფარის სიმაღლე სტანდარტზე დაბლა. მე შემიძლია პასუხი გითხრათ, მაგრამ ვიცი, რომ უკვე მივხდით. ნახევარი სანტიმეტრი!..

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები