Thumbnail
  • პოპსპორტი წარმოგიდგენთ ფეხბურთის ისტორიის 5 გამორჩეულ მატჩს
  • რას ნიშნავდა არგენტინისთვის დიეგო მარადონას გოლები
  • ზინედინ ზიდანი 1998 წლის მუნდიალის ფინალში
  • როგორ დაძლია იტალიამ პენალტების კომპლექსი
  • 1994 წლის მუნდიალის საუკეთესო თამაში
  • ბრაზილიის მეორე საშინაო კოშმარი

იძულებითი პაუზა ალბათ საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ისტორიული თამაშები ნახოთ. პოსპორტი გთავაზობთ ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულ დაპირისპირებებს. ნახეთ თამაშები და წაიკითხეთ მოკლედ ამ თამაშების ისტორია. სეზონის განახლებას უფრო მომზადებული შეხვდებით.

არგენტინა 2:1 ინგლისი [1986]

ეს ის თამაშია, რომელშიც დიეგო მარადონა, როგორც ფეხბურთის ღმერთი დაიბადა. ამ თამაშის მნიშვნელობა რომ გაიგო, არგენტინელი უნდა იყო. არგენტინელები უსაზღვროდ ამაყი ხალხია. დანარჩენ სამხრეთ ამერიკას ისინი ყოველთვის ზემოდან უყურებენ. არგენტინულ კულტურაში ევროპული ელემენტი უფრო მეტადაა წარმოდგენილი, ვიდრე სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში და მათი კულტურა განსხვავებულია.

მოკლედ, არგენტინელებს თავისი თავი კონტინენტზე მაინც უძლეველები ჰგონიათ. 1982 წელს, როდესაც ისინი ფოლკლენდის ომში ჩაერთვნენ ინგლისის წინააღმდეგ, თავის გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ. ეს ისტორია არგენტინისთვის ცუდად დასრულდა - ომიც წააგეს და ფოლკლენდის კუნძულების დათმობაც მოუწიათ. არადა, რუკაზე დახედეთ, უბრალო გეოგრაფიაა - ფოლკლენდი არგენტინაა. ესპანურად, საერთოდაც, მალვინის კუნძულები ჰქვიათ. ფოლკლენდი ინგლისელებმა შეარქვეს. ყველა ის არგენტინელი, რომელსაც კი შეხვედრივარ, სიტყვა ფოლკლენდზე დღემდე მტკივნეულად რეაგირებს. ინგლისი არგენტინელებს დღემდე ძალიან, ძალიან არ უყვართ.

ჰოდა წარმოიდგინეთ, ამ ომის შემდეგ, სულ რაღაც 4 წელიწადში, არგენტინა ინგლისს გადაეყარა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში. ეს თამაში მთელი არგენტინისთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე სიკვდილი და სიცოცხლე. ომში დამარცხების და მათი კუთვნილი მიწის დაკარგვისთვის სამაგიერო მხოლოდ ფეხბურთში შეიძლება გადაეხადათ.

მოხდა ისე, როგორც ყველაზე დრამატულ ფილმებში ხდება ხოლმე. ეს ომი დიეგო მარადონამ პირადად მოიგო. თანაც ისე, რომ გაიტანა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ორი ყველაზე ცნობილი გოლი - 'გოლი ღმერთის ხელით', როდესაც ხელით გაუტანა მასზე 18 სანტიმეტრით მაღალ პიტერ შილტონს და სოლორეიდი ცენტრიდან, როდესაც მთელი ინგლისის დაცვა მინდორზე დატოვა.

ამ თამაშის შემდეგ, რაც არ უნდა ქნას დიეგომ, იქნება ეს ნარკოდამოკიდებულება, ფიდელ კასტროსთან ძმაკაცობა, თუ არაადეკვატური ქცევა და ლაპარაკი, არგეტინისთვის ის მაინც ღმერთია.

ბრაზილია 3:2 ჰოლანდია [1994]

ამ თამაშს ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტი არ ჰქონდა, მაგრამ 1994 წლის მუნდიალის საუკეთესო მატჩია. ამ თამაშში ჰოლანდია ბრაზილიაზე ბრაზილიურად გამოიყურებოდა. ისევე, როგორც 4 წლის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში, არც ბურთი დაუთმო და არც მომენტებში ჩამორჩა. 1974 წლის იოჰან კრუიფის და რინუს მიხელსის გუნდის შემდეგ ეს საუკეთესო ჰოლანდია იყო მსოფლიოს ჩემპიონატებზე. რაიკარდი, კუმანი და ბერგკამპი რომარიოს და ბებეტოს წინააღმდეგ, 5 გატანილი გოლი და მატჩის მიწურულს დრამატული ფინალი.

საფრანგეთი 3:0 ბრაზილია [1998]

თუკი 1986 წელს ფეხბურთის ღმერთებში დიეგო მარადონა დაიბადა, 1998 წელს მას ზინედინ ზიდანიც შეუერთდა. ამისთვის მას ერთი თამაში ეყო, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 'ელ ფენომენო' რონალდოს და ბრაზილიის წინააღმდეგ.

ამ ჩემპიონატზე ზიზუსგან ყველა სასწაულებს ელოდა. ლოდინი დიდხანს მოუწიათ. ზიდანმა ჯგუფის მეორე შეხვედრაში, საუდის არაბეთთან, სრულიად არასაჭირო წითელი ბარათი მიიღო და ორი თამაშის გამოტოვება მოუხდა. საფრანგეთი მის გარეშე მერვედფინალში პარაგვაისთან 120 წუთი წვალობდა, ზიდანთან ერთად კი იტალიასთან ისევ 120 წუთი. პარაგვაისთან ლორან ბლანმა მოაგებინა, იტალიასთან პენალტებმა, ხორვატიასთან ნახევარფინალში კი ლილიან ტიურამმა. ამ საფრანგეთს თითქოს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა თავდასხმის გარდა. გოლებიც მცველებს გაჰქონდათ. ეს ყველაფერი ფინალში შეიცვალა, ორი კუთხური და ზიდანის ორი გოლი. საფრანგეთმა თავის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოიპოვა, ზიდანი კი ის კაცი გახდა, რომელსაც ფინალების და გადამწყვეტი თამაშების ჩატარება ყველაზე კარგად ეხერხება.

იტალია 1:1 (პენ. 5:3) საფრანგეთი [2006]

იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი დამეთანხმება, 90-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში იტალიაზე უიღბლო ნაკრები არ არსებობდა. პენალტების სერიასთან იტალიელების ურთიერთობა კიდევ სხვა თემაა.

1990 წელს, ძალიან მაგარმა იტალიამ ნახევარფინალში სახლში არგენტინა მაგრად დაჩაგრა, მაგრამ პენალტებით წააგო; 1994 წლის მუნდიალზე, ფინალში, რობი ბაჯომ ააცილა პენალტი და ჩემპიონი ბრაზილია გახდა; 2 წლის შემდეგ ჯანფრანკო ძოლამ პენალტი უკვე თამაშიდან ვერ გაიტანა გერმანიასთან და იტალია ჯგუფში დარჩა; კიდევ ორი წელი და ამჯერად პენალტების სერიაში ლუიჯი დი ბიაჯომ გაარტყა ძელს და იტალიამ მეოთხედფინალი საფრანგეთთან წააგო. ამას დაუმატეთ ბოლო წამებზე მიღებული გოლი და დამატებით დროში წაგებული ფინალი ევრო 2000-ზე, სკანდალური მსაჯობა სამხრეთ კორეასთან 2002 წლის მუნდიალზე და არანაკლებ სკანდალური სკანდინავიური 2:2 ევრო 2004-ზე, როდესაც დანიამ და შვედეთმა ფრე ითამაშეს და იტალია ჯგუფში დატოვეს.

ბედმა იტალიას ვალი 2006 წელს დაუბრუნა. კიდევ ერთი პენალტების წაგება მარჩელო ლიპის გუნდს უბრალოდ არ შეეძლო. ზიდანის ბოლო თამაში მისი სკანდალური წითლით და პენალტებით დასრულდა. ამჯერად ყველაფერი იტალიისკენ იყო.

ბრაზილია 1:7 გერმანია [2014]

ამ თამაშის ანგარიში რომ ნახო, ვერ დაიჯერებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალია. ვერც იმას დაიჯერებ, რომ 2014 წელია. მსგავსი შედეგები ბოლოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამართულ მუნდიალებზე ფიქსირდებოდა.

ამ თამაშს თავისი ისტორიული კონტექსტი აქვს. 1950 წელს, ბრაზილიამ თავისი ისტორიის ყველაზე მტკივნეული მარცხი იწვნია. ბრაზილიამ სახლში ფაქტობრივი ფინალი წაააგო აუტსაიდერ ურუგვაისთან. ეს მარცხი ბრაზილიური ფეხბურთისთვის და მთლიანად ბრაზილიისთვის ისტორიულ ტრავმად ჩამოყალიბდა. ათწლეულების მანძილზე გაჩნდა ოცნება, რომ ოდესმე ბრაზილია მუნდიალს ისევ მიიღებდა საკუთარ კედლებში და ამჯერად 'ისტორიულ უსამართლობას' გამოასწორებდა.

პრობლემა ის არის, რომ 2014 წლის ბრაზილიის ნაკრები ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო. სკოლარის მეომარი და მებრძოლი გუნდი ჰყავდა, თუმცა მაღალი კლასის მოთამაშეები აკლდა. ამ გუნდმა მონდომების ხარჯზე ჩილეს და კოლუმბიას კი მოუგო, თუმცა ნახევარფინალში, ნეიმარის და ტიაგო სილვას გარეშე, გერმანიასთან ბევრი შანსი არ ჰქონია. ზედმეტმა ემოციამ და მოლოდინმა ბრაზილიას ცუდი სამსახური გაუწია - პირველივე გაშვებული გოლის შემდეგ სკოლარის გუნდი ისტერიკაში ჩავარდა. ჩემპიონატი კიდევ ერთი ისტორიული ტრავმით დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები