Thumbnail

მსხვერპლი ესპანურ ფეხბურთში - კორონავირუსისგან 21 წლის მწვრთნელი გარდაიცვალა

ესპანური მედიის ცნობით, მალაგის სამოყვარულო საფეხბურთო კლუბის, ატლეტიკო პორტადა ალტას სისტემაში დასაქმებული მწვრთნელი ფრანსისკო გარსია კორონავირუსისგან გარდაიცვალა. 

იუწყებიან, რომ 21 წლის სპეციალისტი, რომელიც ბავშვთა გუნდს წვრთნიდა, რისკჯგუფს მიეკუთვნებოდა, რადგან დაინფიცირებამდე მას ონკოლოგიური დაავადება გამოუვლინდა, COVID-19-მა კი ვითარება დაამძიმა.

ფრანსისკო გარსია მალაგის საავადმყოფოში, 15 მარტს გარდაიცვალა. ბოლო დრომდე ახალგაზრდა სპეციალისტის მდგომარეობა სტაბილური იყო და ის ოჯახის წევრებთანაც ურთიერთობდა. 

"მან კლუბში თითქმის ოთხი წელიწადი გაატარა. მას უყვარდა ბავშვები, როგორც საკუთარი შვილები. მას უყვარდა ფეხბურთი. აქამდე გვიჭირს დაჯერება, რომ ის გარდაიცვალა", - აცხადებს კლუბის პრეზიდენტი ხოსე ბუენო.
 
ფრანსისკოს გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საფეხბურთო კლუბმა მალაგამაც, რომელიც სეგუნდა დივიზიონში გამოდის.

COVID-19 პირველად გასული წლის მიწურულს, ჩინეთში გამოვლინდა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, დაავადებამ 6,5 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 77 ათასზე მეტი პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები