Thumbnail

'როდესაც ვთამაშობ, შედეგზე არ ვფიქრობ' - ინტერვიუ ნანა ძაგნიძესთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2509) შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში დასრულებული გრან პრის მე-3 ეტაპის გამარჯვებული გახდა. ტურნირზე 12 უძლიერესი დიდოსტატი იყო შეკრებილი. შესაბამისად, ძაგნიძის ეს გამარჯვება ქართული ჭადრაკის დიდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ. პოპსპორტი ნანა ძაგნიძეს ლოზანაში დაუკავშირდა, ინტერვიუს კი ქვემოთ გაეცნობით...

popsport: ელოდით, ასეთ ძლიერ ტურნირზე გამარჯვებას?

ძაგნიძე: ნამდვილად არ ველოდი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ინდოელ დრონავალი ჰარიკასთან წავაგე, თუმცა შემდეგ მოვიკრიბე ძალები და ზედიზედ მოვიპოვე გამარჯვებები. დამავარცხე ძალიან ძლიერი მოჭადრაკეები, მათ შორის მსოფლიო ქალთა ჭადრაკის ერთ-ერთი ლიდერი ანა მუზიჩუკი. ასევე, მოვუგე მსოფლიოს ჩემპიონს. ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ.

popsport: რომელი ტურის შემდეგ მიხვდით, რომ შეჯიბრის მოგება რეალური იყო?

ძაგნიძე: როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი ცზიუ ვენცზიუნი დავამარცხე, მივხვდი რომ ჩემპიონატის მოგება რეალური იყო. ეს არ იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, თუმცა ამ მოგებამ საკუთარი თავის რწმენა გამიმყარა. 

popsport: ზოგადად, გრან პრის ეტაპებისთვის როგორ ემზადები?

ძაგნიძე: ჩემ მწვრთნელ ხვიჩა სუპატაშვილთან ერთად ჩვეულებრივად ვემზადები. ამ ტურნირისთვის განსაკუთრებული მომზადება არ გამივლია, რადგან ძალიან დატვირთული კალენდარი მაქვს და ბოლო პერიოდში, შეჯიბრიდან შეჯიბრზე მიწევს გადასვლა. 

popsport: რომელი პარტია იყო თქვენთვის საუკეთესო, რომლის შემდეგაც განსაკუთრებულად კმაყოფილი იყავით?

ძაგნიძე: შემოქმედებითი კუთხით ძალიან კარგი პარტია იყო მსოფლიოს ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან. ასევე, ძალიან კარგი პარტია იყო პერსპექტიულ ყაზახ მოჭადრაკე ჟანსაი აბდუმალიკთან. გამოვარჩევ საფრანგეთის პირველ ნომერ მარი სებაგთან შეხვედრას, რომელიც ასევე მოვიგე. საინტერესო პარტია იყო ანა მუზიჩუკთან, რომელშიც წამგებიან პოზიციაში ვიყავი და შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა დაფაზე მდგომარეობა. საერთო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი პარტიებით და თამაშის ხარისხით.  

ნანა ძაგნიძემ ლოზანაში 11 უძლიერეს დიდოსტატს აჯობა

popsport: კარგი იქნება, მსოფლიოს ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან შავი ფიგურებით გამარჯვება უფრო დეტალურად რომ გაიხსენოთ...

ძაგნიძე: მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში ფსიქოლოგიური კუთხითაც რთულია, თუმცა როგორც ეს შეხვედრა, ისე მთლიანად ტურნირი მაქსიმალური კონცენტრაციით ჩავატარე. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში, მაქსიმალურად ვიყავი ფოკუსირებული მხოლოდ ჭადრაკზე და შედეგად, ნაყოფიერი ტურნირი გამომივიდა. რაც შეეხება ვენცზიუნთან შავი ფიგურებით გამარჯვებას, არ იყო ადვილი. თამაშის დროს შედეგზე ფიქრი არ მიყვარს, ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი, დანარჩენი კი თავისით ლაგდება. მსოფლიოს ჩემპიონს დაძაბულ ბრძოლაში მოვუგე. 

popsport: დღეს, მსოფლიოში ყველაზე დიდი პრობლემა კორონავირუსია. ამ მხრივ, ლოზანაში რა მდგომარეობა იყო?

ძაგნიძე: ცოტა გვიან რომ ყოფილიყო დანიშნული ეს ტურნირი, ნამდვილად გადაიდებოდა. ვერ ვიტყვი რომ მთლიანად იზოლაციაში ვიყავით მოჭადრაკეები, მაგრამ ორგამიზატორები ცდილობდნენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას. მაგალითად, საპატიო სტუმრები უნდა მოსულიყვნენ და შეხვედრები უნდა გამართულიყო, მაგრამ ეს ნაწილი გაუქმდა. ზოგადად ქალაქში ვერ ვიტყვი რომ საგანგებო მდგომარეობაა: ჩვეულებრივად დადიან ქუჩებში და რესტორნებშიც სხედან. უბრალოდ, მეტ სიფრთხილეს იჩენენ და იცავენ რეკომენდაციებს ჰიგიენასთან დაკავშირებით.

popsport: საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თვითიზოლაციაში მოგიწევთ ყოფნა?

ძაგნიძე: აუცილებლად ვიქნები იზოლაციაში. ჩემი ოჯახი უკვე ემზადება ბაკურიანში წასასვლელად, მე კი როდესაც ჩამოვალ, მარტო დავრჩები. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაიცვან წესები. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამირან გამყრელიძეს და ყველას მოვუწოდებ, რომ გაითვალისწინონ მისი რჩევები, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უცხოეთიდან ბრუნდება საქართველოში.

popsport: გრან პრის ფორმატის თანახმად, თქვენ კიდევ ერთ ეტაპში შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. ეს, როდის იქნება და რა მოლოდინი გაქვთ?

ძაგნიძე: კალენდრის მიხედვით, ეს ეტაპი უნდა ჩატარებული მაისში იტალიაში, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ტურნირს ყაზახეთში გადაიტანენ. საერთოდ, ამ ვითარებაში, შეუძლებელია სამომავლო გეგმებზე და სხვა ტურნირების თარიღებზე ლაპარაკი. მთელი წლის კალენდარი გაწერილი იყო, მაგრამ ამ ვირუსის გამო ყველაფერი აირია. 

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთის დახმარებით საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის გაორმაგებული საპრიზო ფონდით ტარდება, ასევე კომპანია ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები