Thumbnail

მსოფლიოს სხვადასხვა ლიგებში ასეულობით ქართველი ლეგიონერი თამაშობს, რომელთაგანაც 70-80 პროფესიულ დონეზე ასპარეზობს. ახალი კორონავირუსის პანდემიამ ფაქტობრივად ყველა იმ ჩემპიონატზე იქონია გავლენა, სადაც ეროვნული ნაკრების წევრი ან წევრობის კანდიდატი ლეგიონერები თამაშობენ. 

ბელგიის ჟუპილერლიგაში, სადაც გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი თამაშობს, 12 მარტს მიიღეს გადაწყვეტილება, ჩემპიონატის თამაშები უმაყურებლოდ ჩაეტარებინათ, მაგრამ დღეს ბელგიის მთავრობამ ქვეყანაში 3 აპრილამდე ყველანაირი სპორტული აქტივობა შეაჩერა. 

ასე რომ, თუ 26-31 მარტის ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩები დათქმულ ვადებში გაიმართება, ბელგიელი ქართველები მატჩებს სათამაშო რიტმიდან ამოვარდნილები შეხვდებიან. 

ასეთ დღეშია ევროპული ჩემპიონატების დიდი ნაწილი - მაგალითად, ავსტრიაში ბუნდესლიგა გაჩერდა, შესაბამისად, ოთარ კიტეიშვილის შტურმი არ თამაშობს. ჩეხეთის ჩემპიონატიც გაჩერდა - ზლინში ვახტანგ ჭანტურიშვილი ასპარეზობს.

დანიაში სუპერლიგა შეწყდა - ამ ჩემპიონატში ლაშა პარუნაშვილის ესბიერგი თამაშობს. 4 ლეგიონერი გვყავს პოლონურ ექსტრაკლასაში, რომელიც ასევე გაჩერდა - ვაკო გვილია (ლეგია), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი), დავით სხირტლაძე (არკა), ვატო არველაძე (კორონა). 

ქართველთა ანორთოსისიც 'შვებულებაშია'

კორონავირუსის გამო გადაიდო ჰოლანდიური ერედივიზიეს თამაშები. არადა, კვირას გიორგი აბურჯანიას ტვენტეს "იოჰან კრუიფ არენაზე" აიაქსთან თამაში ელოდა. პორტუგალიის პრიმეირაც გაჩერდა, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ამ სეზონში გიორგი მაკარიძეა (სეტუბალი). ამერიკული MLS-იც შეწყდა, სადაც გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის სან ხოსე თამაშობს. 

ბოლო წუთამდე გრძელდებოდა კვიპროსის I დივიზიონი, სადაც თემურ ქეცბაიას ანორთოსისი ჩემპიონობისთვის იბრძვის. ქეცბაიას გუნდში 5 ქართველი ლეგიონერია: გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, ჯანო ანანიძე (ტრავმა), თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა. ყველა ეროვნული ნაკრების წევრია. ანორთოსისი აპოელ-ს ტურის ცენტრალურ მატჩში უნდა სტუმრებოდა, თუმცა მაყურებელი თამაშზე არ დაიშვებოდა. მაგრამ ბოლო ინფორმაციით, კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციამ გაითვალისწინა მთავრობის რეკომენდაცია და აპრილამდე ყველა დონეზე შეაჩერა საფეხბურთო აქტივობა. 

სეზონი გრძელდება... ჯერჯერობით

ზოგიერთი ქართველი ლეგიონერის გუნდს კი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ან არ შეეხო, ან ნაწილობრივ. თუმცა აქ უნდა ვთქვათ, რომ მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება და არავინ იცის, რა მდგომარეობა იქნება რამდენიმე დღეში. ასე რომ, შესაძლოა, ეს ჩემპიონატებიც გადაიდოს.

საბა ლობჟანიძის ანკარაგიუჯუ ჯერ ისევ თამაშობს

ჯერჯერობით ჩემპიონატი გრძელდება უნგრეთში, სადაც ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი) და ლაშა დვალი (ფერენცვაროში) თამაშობენ. რუსეთში, უკრაინაში, შვედეთში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში ასევე გრძელდება თამაშები. ამ ქვეყნებში, უნგრეთის გარდა, არც მაყურებელზეა აკრძალვა ჯერ დაწესებული. 

კორონავირუსი არ შეხებია თურქულ სუპერ ლიგს, სადაც საბა ლობჟანიძე (ანკარაგიუჯუ) და ლევან შენგელია (კონია) თამაშობენ. მაყურებელი სტადიონებზე დაშვებული არაა.  

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები