Thumbnail
  • ზაფხულში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი უნდა განხორციელდეს
  • კორონავირუსის პანდემიამ ფეხბურთელები გააიაფა
  • გრანდები ამ 10 ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ

კორონავირუსის პანდემია ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე დიდ გავლენას მოახდენს, მაგრამ ტრანსფერები მაინც იქნება და არცთუ ცოტა. ძალიან ძვირადღირებულ გარიგებებს არ უნდა ველოდოთ, ახალგაზრდა ფეხბურთელების გადაბირებას კი გრანდები აუცილებლად ეცდებიან. თანაც, კორონაკრიზისის გამო ტალანტებს ფასი აკლდებათ. ამ 10 ტალანტზე ზაფხულში განსაკუთრებული მოთხოვნა იქნება.

კაი ჰავერტცი (ლევერკუზენი, შემტევი ნახევარმცველი)

‘ბაიარენას ოქროს ბიჭუნა’ - ასე უწოდებენ მას ლევერკუზენის ქომაგები. კაის მოედნის ბრწყინვალე ხედვა აქვს. მას უკვე გერმანიის ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. ჰავერტცის შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა ფავორიტი ორი გუნდია: ბაიერნი და ლივერპული. 

ლივერპულს მისი შეძენა დიდი ხანია სურს. ამ ტრანსფერის მთავარი ინიციატორი იურგენ კლოპია, რომელსაც უნდა, რომ მისმა თანამემამულემ 'ენფილდზე' ითამაშოს. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ნიჭიერი გერმანელი ფეხბურთელისთვის, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველა სატრანსფერო გზა ბაიერნში მიდის. ჰავერტცს ლევერკუზენთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

კაი ჰავერცის გოლი არგენტინის ნაკრების კარში - 2:0

კაი ჰავერცის გოლი არგენტინის ნაკრების კარში - 2:0

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი, 2019

ედუარდო კამავინგა (რენი, ცენტრალური ნახევარმცველი)

რენის 17 წლის ნახევარმცველი გუნდში წინა სეზონის ბოლოს გამოჩნდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრა. კამავინგა არც შემტევია, არც გამთამაშებელი. გოლების გატანითაც არ გამოირჩევა და საგოლე პასებსაც იშვიათად არიგებს, თუმცა დაცვიდან შეტევაში ბურთი კარგად ამოაქვს, მეტოქის კონტრშეტევებს დროულად შლის და ნებისმიერი ბურთისთვის იბრძვის.

📺 ედუარდო კამავინგას საუკეთესო მომენტები

მსურველი კლუბები: რეალი, პსჟ, არსენალი.

ფერან ტორესი - (ვალენსია, ფლანგის ნახევარმცველი)

'ღამურების' 20 წლის ფეხბურთელის დამსახურებაა, რომ ვალენსიამ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა. შარშანდელ სეზონში ჟირონასთან ათკაციანმა ვალენსიამ ფერან ტორესის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით 3 ქულა მოიპოვა და ეს 3 ქულა სეზონის დასკვნით ნაწილში გადამწყვეტი აღმოჩნდა ლიგაზე გასასვლელად.

ფერანი ვალენსიას აკადემიის ერთ-ერთი გამორჩეული აღზრდილია. აჩქარება, დრიბლინგი, კარგი ჩაწოდება - ეს ტორესის უპირატესობების მცირე ჩამონათვალია. ვალენსიას მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

📺 ფერან ტორესის საუკეთესო მომენტები

მსურველი კლუბები: ბარსელონა, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, რეალი

სამუელ ჩუკვუეზე (ვილიარეალი, ფლანგის ნახევარმცველი)

ვილიარეალის 20 წლის ფეხბურთელი ყოველთვის შემტევს ეძებს, მის მოძრაობას აკვირდება და კარგი პასის გაკეთებას ცდილობს. ჩუკვუეზე ძალიან სწრაფია ბურთით მოძრაობისას და მას კარგად აკონტროლებს. მისი ტრანსფერით ლივერპული იყო დაინტერესებული, თუმცა ბოლო პერიოდში კიდევ რამდენიმე კლუბი გამოჩნდა.

📺 სამუელ ჩუკვუეზეს საუკეთესო მომენტები

მსურველი კლუბები: ლივერპული, ევერტონი, მანჩესტერ იუნაიტედი, დორტმუნდის ბორუსია

კალვინ სტენგსი (ალკმაარი, ფლანგის ნახევამცველი)

ალკმაარს განსაკუთრებული ტრიო ჰყავს: კოოპმაინერსი, სტენგსი და ბოადუ. კალვინ სტენგსი ერთ-ერთი საუკეთესოა. მიუხედავად სიმაღლისა, ბურთს კარგად აკონტროლებს და ბურთთან პირველი შეხება ძალიან კარგი აქვს. რამდენიმე ევროპული კლუბი უკვე დაინტერესდა სტენგსის შეძენით.

📺 კალვინ სტენგსის საუკეთესო მომენტები

მსურველი კლუბები: მანჩესტერ იუნაიტედი, ევერტონი, დორტმუნდის ბორუსია.

დაიო უპამეკანო (ლაიპციგი, ცენტრალური მცველი)

ლაიპციგის მცველის შეძენა ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურდათ. მედია ფრანგ მცველს არსენალს, ტოტენჰემსა და ბაიერნს უკავშირებდა, თუმცა ლაიპციგმა ის შეინარჩუნა. დაიო ფიზიკურად ძალიან ძლიერია. 17 წლიდან რეგულარულად თამაშობდა პროფესიონალურ ფეხბურთს. ზალცბურგიდან ლაიპციგში მოხვედრილმა ადგილი ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვირა. ხანდახან ისეც ხდება, რომ ბურთისთვის მებრძოლი უპამეკანო თავის ზონას დიდი მანძილით ცდება და გუნდს დაცვაში პრობლემებიც ექმნება, თუმცა დაიო დროთა განმავლობაში ამ ხარვეზსაც გამოასწორებს.

📺 დაიო უპამეკანოს საუკეთესო მომენტები

მსურველი კლუბები: ბარსელონა, ჩელსი, არსენალი, ტოტენჰემი, ბაიერნი

მაირონ ბოადუ (ალკმაარი, თავდამსხმელი)

ეროვნულ ნაკრებში, ერედივიზიონში, ევროპალიგაზე - ბოადუს ყველგან გააქვს. 19 წლის ფორვარდს 14 გოლი დაუგროვდა და ალკმაართან ერთად ერედივიზონის ჩემპიონობისთვის იბრძვის.

მსურველი კლუბები: ლაიპციგი (ტიმო ვერნერის წასვლის შემთხვევაში), ლესტერი

სანდრო ტონალი (ბრეშა, ცენტრალური ნახევარმცველი)

რთულია, რომ ამ ფეხბურთელის დანახვაზე ანდრეა პირლო არ გაგახსენდეს. 19 წლის ტონალის იტალიაში სწორედ ლეგენდარულ ნახევარმცველს ადარებენ. ბევრი იტალიელი მიმომხილველი წერს, რომ ტონალი პირლოზე მაგარი იქნება. ბრეშა მიმდინარე სეზონში ცუდ მდგომარეობაშია. დიდი ალბათობით, კლუბი უმაღლესი ლიგიდან გავარდება. იტალიური გრანდები უკვე მზად არიან სანდრო ტონალის შესაძენად.

მსურველი კლუბები: იუვენტუსი, რომა, ინტერი, მილანი.

ბუბაკარი სუმარე (ლილი, ცენტრალური ნახევარმცველი)

ტონალის ახალ პირლოს უწოდებენ, ხოლო ბუბაკარი სუმარეს ახალ კანტედ მოიხსენიებენ. ის ყველა ბურთისთვის იბრძვის. ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსისთან ბურთი 16-ჯერ დაუბრუნა გუნდს. ართმევაზე ძალიან კარგად თამაშობს. ფიზიკურად ძლიერია, გამოირჩევა კარგი გადაცემებით.

📺 ბუბაკარის სუმარეს საუკეთესო მომენტები

მსურველი კლუბები: პსჟ, არსენალი, ევერტონი, მანჩესტერი, ლივერპული, ჩელსი

ჯონათან დევიდი (გენტი, ფორვარდი)

გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელზე გრანდებმა ნადირობა უკვე დაიწყეს. დევიდს საოცარი სეზონი აქვს - 23 გოლი და 10 საგოლე გადაცემა. გენტი მისგან დიდი თანხის მიღებას გეგმავს. კანადელი ფეხბურთელი ერთ-ერთია იმ ტალანტებს შორის, რომელიც ამჟამინდელ გუნდს აუცილებლად დატოვებს. დევიდი ძალიან სწრაფია, რთულ მომენტებში ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს და რაც მთავარია შეტევებს იდეალურად ასრულებს - გოლით ან საგოლე პასით.

ჯონათან დევიდის საუკეთესო მომენტები 📺

მსურველი კლუბები: ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი.

კომენტარები

ბოლო ამბები