Thumbnail

ტოჩინოშინს მოხერხებულობით აჯობეს - მე-5 მარცხი ჰარუ ბაშოზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სუმოისტის იაპონელმა მეტოქემ ჰენკა გამოიყენა
  • ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე ერთადერთი ბრძოლა აქვს მოგებული

იაპონიის ქალაქ ოსაკაში გრძელდება საგაზაფხულო სუპერტურნირი, რომელსაც უკვე არაერთხელ ხსენებული მიზეზის გამო, მაყურებლები ვერ ესწრებიან.

ტრადიციულად, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში სცდის ძალებს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც 2-ჯერ ოძეკის წოდების წოდებას ატარებდა, ამჟამად კი, დასავლეთის მე-9 მაეგაშირას ტიტული გააჩნია.

დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა იშიურას გაეჯიბრა, რომელთანაც აქამდე 4-დან 3 ორთაბრძოლა მოგებული ჰქონდა, თუმცა, სუმოს საზომებით მინიატურულმა იაპონელმა (173 სმ. 103.6 კგ.) ამჯერად, მას მოხერხებულობით აჯობა.

იშიურას გააზრებული ჰქონდა, რომ ქართველ სეკიტორს ჯანით ვერ აჯობებდა, ამდენად, ჰენკა გამოიყენა, სასტარტო შეჯახებისას ჩვენებურს გაეცალა და უვატენაგეთი იმარჯვა.

ამგვარად, გორგაძეს ერთადერთი მოგების ფონზე მე-5 მარცხი მოუგროვდა და უკვე ცხადია, რომ დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ლევანს მინიმუმ 5 ორთაბრძოლის მოგება მაინც სჭირდება, რათა მაკუუჩიში ადგილის შენარჩუნება მოახერხოს, თუმცა კი, მიზნის მიღწევაში უკვე ქრონიკულად ქცეული ტრავმა ხელს ძალიან უშლის.  

ჰარუ ბაშოს მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა სადანოუმი იქნება, რომელსაც ჩვენებური არაერთხელ შეხვედრია და ამ დროისთვის, დადებითი ბალანსი აქვს: 11 მოგება, 7 მარცხი.

კომენტარები

ბოლო ამბები