Thumbnail

ძაგნიძე ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს – 0.5 ქულა ლიდერებამდე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე მსოფლიო გრან პრის მე-3 ეტაპის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ჩემპიონობის რეალურ შანსს არაერთი მოჭადრაკე ინარჩუნებს, რომელთა შორის საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძეც (2482) იმყოფება.

ძაგნიძემ გასული 3 ტური მარცხის გარეშე განვლო. თავდაპირველად, ნანამ მსოფლიო რეიტინტის TOP 10-ის წევრი ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2535) შავი ფიგურებით დაამარცხა, შემდეგ თეთრებით მსოფლიოს ექს-ჩემპიონს, ანას და მარია მუზიჩუკს (2551) დაუზავდა, მე-7 ტურში კი, შავებით ყაიმი ევროპის 2-გზის ჩემპიონ შვედ პია კრამლინგთან (2474) გააფორმა.

შედეგად, ძაგნიძეს 4.0 ქულა მოუგროვდა და ინდოელ დრონავალი ჰარიკასთან (2517), ყაზახ ჟანსაია აბდუმალიკთანა (2461) და ხსენებული ანა მუზიჩუკთან ერთად, მესამე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-4 ადგილი უკავია.

ქართველ მოჭადრაკეზე უკეთესი შედეგი მხოლოდ რუსებს – ალეკსანდრა გორიაჩკინასა (2579) და ალინა კაშლინსკაიას (2485) აქვთ, რომლებიც ჩვენებურს 0.5 ქულით უსწრებენ.

მე-8 ტურში ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ფრანგ მარი სებაგს (2443) ეთამაშება, რომელიც 2.5 ქულით მე-10 პოზიციაზეა, ამდენად, ნანას წარმატების კარგი შანსი აქვს.

ცენტრალური კაშლინსკაიასა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის – ცზიუ ვენცზიუნის (2583) პარტია იქნება. აღსანიშნავია, რომ ჩინელი დიდოსტატი ლოზანაში უჩვეულოდ სუსტად თამაშიბს, 6 ყაიმი და 1 მარცხი აქვს და 3.0 ქულით მხოლოდ მეცხრეა.

შეგახსენებთ, რომ შევეიცარიული ტურნირი, რომელშიც 12 მოჭადრაკეა ჩართული, წრიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 13 მარტს დასრულდება.

ქალთა მსოფლიო გრან პრის 2 ეტაპის თავზე ინდოელი ჰამპი კონერუ ლიდერობს 293 ქულით, ძაგნიძემ კი ჯერ მხოლოდ ერთ ეტაპში (მონაკო) მიიღო მონაწილეობა და 35 ქულით 16 მონაწილეს შორის მეცამეტე-მეთოთხმეტე ადგილებს იყოფს.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთის დახმარებით საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის გაორმაგებული საპრიზო ფონდით ტარდება, ასევე კომპანია ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები