Thumbnail

კორონავირუსი | უეფამ მატჩის წინ ხელის ჩამორთმევა აკრძალა!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გაითვალისწინა
  • აკრძალვა უეფას ეგიდით გამართული ყველა ტურნირის მატჩზე ვრცელდება 

უეფას გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით გასამართ ტურნირებში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაში, ფეხბურთელები თამაშის წინ ერთმანეთს და მსაჯებს ხელს აღარ ჩამოართმევენ. 

ორგანიზაციამ ასეთი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გამო მიიღო. უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, აკრძალვის გაუქმების შესახებ ცალკე გამოცხადდება.

გამოკითხვა

ვინ გავა 1/4 ფინალში?

  • პსჟ
  • დორტმუნდი

"მოთამაშეები მეტოქეებსა და მსაჯებს ხელს აღარ ჩამოართმევენ, როგორც ეს მატჩისწინა 
პროტოკოლით იყო გათვალისწინებული. განაწესი, რომელიც შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცას ვირუსთან დაკავშირებით, უეფას ყველა ტურნირის მატჩებში იმოქმედებს იქამდე, სანამ შესაბამისი მითითება არ იქნება", - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების შიშით, საფეხბურთო მატჩები უმაყურებლოდ ტარდება

ამ დროისთვის გადაწყვეტილია, რომ ვირუსის გამო, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება ჩემპიონთა ლიგის მატჩი - ვალენსია-ატალანტა, რომელიც თბილისის დროით 11 მარტს უნდა გაიმართოს. დიდი ალბათობით, უმაყურებლოდ ითამაშებენ 12 მარტს, პარიზში, პარი სენ-ჟერმენი და დორტმუნდიც. ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება იგეგმება ბარსელონა-ნაპოლის შეხვედრაშიც. 

თამაშის წინ ხელის ჩამორთმევა უკვე გაუქმებულია ინგლისის პრემიერლიგაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე უმაყურებლოდ ჩატარდა იტალიის ჩემპიონატის ყველა მატჩი, მათ შორის იუვენტუსისა და ინტერის დაპირისპირება. ქვეყანაში, სადაც კორონავირუსის ეპიდემია განსაკუთრებით მასშტაბურია, სერია A-ს უახლოესი მატჩების გადადებას სერიოზულად განიხილავენ.

გამოკითხვა

ვინ გავა 1/4 ფინალში?

  • ვალენსია
  • ატალანტა

კომენტარები

ბოლო ამბები