Thumbnail

ოთხმეზური ჩემპიონია! - ქართველის ტრადიციული რიტუალი და ცეკვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნატალია ოთხმეზურმა ფინალში გადამწყვეტი ქულები ჩააგდო
  • ქართველ კალათბურთელს კალათიდან ბადის მოჭრის პატივი ერგო

ქართველი კალათბურთელი ნატალია ოთხმეზური ამერიკის კოლეჯთა ლიგის ერთ-ერთი კონფერენციის (Region IX) ჩემპიონი გახდა.

სასიხარულოა, რომ კასპერის კოლეჯის გუნდმა თანდერბერდსმა წარმატებას სწორედ ქართველი ლეგიონერის წინამძღოლობით მიაღწია, რომელსაც 20 წელი 7 მარტს შეუსრულდა.

ოთხმეზურის ლიდერობით, გუნდმა რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი ოფის მატჩები დამაჯერებლად ჩაატარა, დილით კი ფინალური შეხვედრა გამართა და ქართველი კალათბურთელი ამჯერადაც გამორჩეული იყო.

დასავლეთ ნებრასკის კოლეჯთან საჩემპიონო მატჩი მწირქულიანი გამოდგა და მის დასრულებამდე 2.20 წუთით ადრე, კასპერელები 59:56 იგებდნენ, როცა ოთხმეზურმა სამქულიანი ჩააგდო და გუნდი 6 ქულით დააწინაურა.

ნებრასკელებმა, რომელთაც სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჰქონდათ წაგებული, საფინალო სირენამდე 32 წამით ადრე, წონასწორობა აღადგინეს და ქართველი ლეგიონერის გუნდმა გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო.

კასპერელებმა საბოლოო იერიში სწორედ ნატალიას მიანდეს, მან 30 წამი თითქმის ბოლომდე გაიყვანა და სროლას აპირებდა, როდესაც მასზე დაჯარიმდნენ.

ნატალია ოთხმეზურის (პირველ რიგში, მარცხნივ) კასპერმა პირველობა არავის დაუთმო

ქართველმა კალათბურთელმა 2-ვე ტყორცნა გამოიყენა და გუნდი ისევ წინ გაიყვანა – 66:64. მეტოქეს პასუხისთვის მხოლოდ 3.6 წამი რჩებოდა, რა დროშიც ზუსტი შეტევა ვეღარ მოესწრო და ჩემპიონობა კასპერელებს დარჩათ. 

გადამწყვეტ შეხვედრაში ოთხმეზურმა მოედანზე 31 წუთი გაატარა და 14 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 3-დან 1 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. 

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონიალი შედგა, რომლის დროსაც მთავარი როლი ასევე ოთხმეზურს ერგო.

სწორედ ნატალიამ ჩამოჭრა კალათიდან ბადე, რაც ამა თუ იმ ტურნირის ფინალური შეხვედრის შემდეგ ხშირად ხდება ხოლმე. იქვე, ნატალიამ მცირე საჩემპიონო ცეკვაც შეასრულა.

კონფერენციის ჩემპიონობის მოპოვების წყალობით, კასპერ თანდერბერდსმა ამერიკის კოლეჯთა ლიგის I დივიზიონის ნაციონალური ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც 16-21 მარტს ტექსასის შტატის ქალაქ ლუბოკში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები