Thumbnail
  • 5 ძირითადი ფაქტორი - როგორ მოუგო ლეიკერსმა მილუოკის
  • სამქულიანებს მილუოკის თამაშზე გადამწყვეტი გავლენა აქვს
  • სამწამიანში ლეიკერსი შეუჩერებელია
  • ლებრონი-დევისის დუეტი დახმარების გარეშე რჩება
  • იანისთან დუელი ლებრონმა მოიგო 

ჩემპიონატის მეორე ნახევრის მთავარი შეხვედრა ლოს ანჯელესში გაიმართა - ლეიკერსი მილუოკის მასპინძლობდა. ეს ორივე გუნდი თავის კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს და მათი შეხვედრა დიდ ინტრიგას ქმნიდა.

გუნდებს დამატებით მოტივაციას ის ფაქტი სძენდა, რომ ამ გუნდებში NBA-ს მთავარი ვარსკვლავები - ლებრონი და იანისი თამაშობენ, რომლებიც წელს, რეგულარული სეზონის ყველაზე ძვირფასი მოთამაშის პრიზის - MVP-ის მოგების უმთავრესი კანდიდატები არიან.

მილუოკის სამქულიანების გარეშე უჭირს

მილუოკის შეტევაში ორი ძირითადი ოპცია აქვს - იანისი და სამქულიანები. მილუოკისთვის ცუდი ის არის, რომ ორივე ეს ოპცია ერთმანეთზეა მიბმული, ერთმანეთს უკავშირდება. ანუ როცა მილუოკი სამქულიანების ვერ აგდებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მეტოქის დაცვას შეუძლია პერიმეტრს ნაკლები ყურადღება მიაქციოს, და სამწამიანი იანისის წინააღმდეგ გაამაგროს.

ანუ იანისს სამწამიანში შესვლისთვის სივრცე აღარ რჩება. როცა მილუოკის სამიანები მისდის, მაშინ მეტოქის დაცვაც პერიმეტრზე უფრო მეტად ამოდის და იანისისთვის სივრცე თავისუფლდება.

დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდი ცუდად ისროდა პერიმეტრიდან - ლეიკერსმა 32-დან მხოლოდ 6 ჩააგდო (ზუსტი სროლების 18 პროცენტი), მილუოკიმ 43-დან 12 (ზუსტი სროლების 27 პროცენტი), თუმცა ამით მილუოკი უფრო დაზარალდა. ლებრონი და დევისი ქულებს სამქულიანების გარეშეც აგროვებენ და ლეიკერსს შეუძლია ისეთი თამაშიც მოიგოს, რომელშიც მხოლოდ 6 სამიანი ჩააგდო. მილუოკის შეტევისთვის კი სამიანებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შედარებისთვის, პირველი წრის მოგებულ შეხვედრაში მილუოკიმ 39-დან 16 სამიანი გამოიყენა, იმ თამაშში სამქულიამებს იანისიც ყრიდა, დღეს კი მან 6-დან მხოლოდ ერთხელ ჩააგდო.

მოკლედ, ლეიკერსთან თამაში მილუოკისთვის პლეი ოფის რეპეტიციაა - სამქულიანების გარეშე იანისის გუნდს გაუჭირდება.

ლებრონი უბრალოდ ყველაზე მაგარია

ანალიტიკურ სტატიებში წესით მსგავსი ტიპის პუნქტები არ უნდა გვხვდებოდეს. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაში ლებრონმა იმდენად მაგრად ითამაშა, რომ მას გვერდს უბრალოდ ვერ ავუვლით. ჯეიმსმა 21-დან 12 ჩააგდო და 37 ქულა დააგროვა. ორქულიანიდან მას თითქმის არ აუცილებია - მისი აცილებული სროლების უმეტესობა სამქულიანებზე მოდიოდა (7-დან მხოლოდ 1 ჩაგდებული სამიანი). ჯეიმსი ძალიან აქტიური და აგრესიული იყო, ხშირად შედიოდა სამწამიანში და პირადად მოუგო იანისს რამდენიმე მიკროდუელი, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.

სტატისტიკის მიღმაც ლებრონი ყველაზე დომინანტური ფაქტორი იყო პარკეტზე და ამ თამაშით საფუძვლიანი განაცხადი გააკეთა, რომ რეგულარული სეზონის MVP სწორედ ის არის.

გადამწყვეტი გაქცევა ლეიკერსმა მესამე მეოთხედში სწორედ ლებრონის წყალობით შეძლო - მეოთხედში 15 ჩაგდებული ქულა. უკვე მეოთხე მეოთხედში მილუოკი თამაშში სწორედ იმ მონაკვეთში დაბრუნდა, როდესაც ლებრონი სკამზე იჯდა.

ლებრონი-დევისის დუეტს დახმარება სჭირდება

მოგებული თამაშის მიუხედავად ლეიკერსის გულშემატკივარი მშვიდად ვერ იქნება. პლეი ოფის წინ არცთუ სასიამოვნო ტენდენციაა, რომ ლებრონი-დევისის დუეტი თანაგუნდელებიდან ადეკვატურ დახმარებას შეტევაში ვერ იღებს.

5-2-6 ასე გამოიყურება ლებრონის და დევისი გარდა ლეიკერსის სხვა სამი ძირითადის მოთამაშის მიერ ჩაგდებული ქულები. სკამიდან 10-ქულიან მაჩვენებელს ერთადერთი კაელ კუზმა გადაცდა (მილუოკის, იანისის გარდა, ასეთი 4 მოთამაშე ჰყავდა). ლებრონი-დევისის დუეტს 67 ქულა ჰქონდა, თუმცა პლეი ოფის მჭიდრო გრაფიკში მხოლოდ ორი მოთამაშის იმედად შეტევაში ყოფნა, არცთუ ისე მომგებიანია.

სამწამიანში ლეიკერსი შეუჩერებელია

ლეიკერსი ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ათლეტური გუნდია. თამაშის გარკვეულ მონაკვეთებს ის საერთოდაც ორი ფაქტობრივი ცენტრით - დევისი და მაკგი/ჰოვარდი თამაშობს. ლებრონიც და დევისის ყველაზე ხშირად სწორედ სამწამიანს უტევენ. მილუოკის იანისი და ბრუკ ლოპესი ჰყავს, ამის მიუხედავად სამწამიანი ლეიკერსის იყო. ლოსანჯელესელებმა 38 ჯარიმა ისროლეს, რომელთა აბსოლუტური უმეტესობაც სწორედ სამწამიანში მოიპოვეს, სადაც მეტოქე მათ უბრალოდ ვერ აჩერებდა. 26 ჯარიმა მხოლოდ ლებრონმა და დევისმა ისროლეს.

მილუოკი ლებრონზე 15-ჯერ დაჯარიმდა

ენტონი დევისი ამ სეზონის საუკეთესო "დიდია" - ძალიან კარგად იცავს თავს და შეტევაშიც სტაბილურად ყრის. მილუოკისთან მისი 30 ქულიდან 14 დევისმა მეოთხე მეოთხედში ჩააგდო - მილუოკის არავინ ჰყავდა, მის წინააღმდეგ დაცვა რომ ეთამაშა. იმ ფონზე, როდესაც თანამედროვე NBA-ში სუპერვარსკვლავი ცენტრები ჭირს, დევისი ძალიან დიდი ძალაა. მის წინააღმდეგ თითქმის არცერთ გუნდს არ აქვს პასუხი.

მილუოკი რეგულარულში საუკეთესოა, მაგრამ...

უკვე ახლა შეიძლება ითქვას, რომ მილუოკი წლევანდელი რეგულარულის საუკეთესო გუნდია - 63 თამაშში 53 გამარჯვება ძალიან შთამბეჭდავი შედეგია.

ამის მიუხედავად, პლეი ოფის წინ მილუოკის მიმართ კითხვები შეიძლება არსებობდეს. გუნდს იდეალური სათამაშო სისტემა აქვს, თუმცა პლეი ოფში სისტემის გარდა სუპერვარსკვლავები გჭირდება. პლეიოფურ ფორმატში ყოველთვის არის მომენტები, როდესაც შენი სისტემა არ მუშაობს და თამაში თავის თავზე შენმა საუკეთესო მოთამაშეებმა ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით უნდა აიღონ. მილუოკის ასეთი მხოლოდ იანისი ჰყავს.

ლეიკერსთან შეხვედრა თავისი სტილით სწორედ პლეიოფურ თამაშს ჰგავდა და იანისი, ფაქტობრივად, დახმარების გარეშე დარჩა. გუნდის მეორე ვარსკვლავმა, კრის მიდლტონმა 19-დან მხოლოდ 5 ჩააგდო და 12 ქულით დაასრულა შეხვედრა.

ანუ, მილუოკის სათამაშო სისტემა იდეალურია, თუმცა ხარისხობრივად ეს ყველაზე ძლიერი მოთამაშეებისგან შემდგარ გუნდი ნამდვილად არ არის. პლეი ოფში ეს შეიძლება პრობლემა იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები