Thumbnail

კორონავირუსი და აიაქსი - ტენ ჰაგის თანაშემწე და შტაბის წევრები კარანტინში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ამსტერდამის აიაქსის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე შესაძლოა ინფიცირებული იყოს
  • კრისტიან პოულსენთან ერთად, კარანტინში სამწვრთნელო შტაბის კიდევ ორ წევრია 

აიაქსის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი კრისტიან პოულსენი და ამსტერდამული კლუბის სამწვრთნელო შტაბის კიდევ ორი წევრი კარანტინში გაამწესეს. ამის მიზეზი კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების საფრთხეა და სამივე მათგანმა შინიდან გასვლისგან თავი, სულ ცოტა, 13 მარტამდე უნდა შეიკავოს.
 
ნიდერლანდური მედიის ცნობით, პოულსენმა, რომელსაც 28 თებერვალს 40 წელი შეუსრულდა, იუბილე საზეიმო სადილით აღნიშნა, წვეულების ერთ-ერთ სტუმარს კი მოგვიანებით კორონავირუსი გამოუვლინდა. 

ერიკ ტენ ჰაგს თანაშემწე გვერდით 13 მარტამდე არ ეყოლება

შესაბამისად, ამსტერდამის აიაქსის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს გუნდთან მუშაობა გარკვეული ხნით თავისი თანაშემწის, ასევე ფიზმომზადების მწვრთნელის, ალესანდრო შუნმაკერისა და ფიზიოთერაპევტის გარეშე მოუწევს.  

ნიდერლანდურ კლუბში განაცხადეს, რომ სამწვრთნელო შტაბის წევრებიდან დაავადება არცერთს გამოუვლინდა, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, პოულსენსა და კიდევ ორ პირს, შინ დარჩენა, სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან თავის შეკავება და სხეულის ტემპერატურის გამუდმებით შემოწმება დაავალეს.

დანიის ნაკრების, შალკეს, იუვენტუსის, სევილიის, ლივერპულისა და აიაქსის ყოფილი ნახევარმცველი, კრისტიან პოულსენი ყოფილი კლუბის სამწვრთნელო შტაბში გასული წლის ივლისიდან მუშაობს. 

ახალი კორონავირუსი უკვე ევროპასაც მოედო

ამსტერდამის აიაქსი ერედევიზიეს სატურნირო ცხრილს აზ ალკმაართან ერთად ლიდერობს. ორივე გუნდს 24 მატჩში 53 ქულა აქვს, 7 მარტს კი ერიკ ტენ ჰაგის გუნდი სტუმრად ჰერენვენთან ითამაშებს. 

ბოლო მონაცემებით, ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსის ინფექციის 82 შემთხვევა დაფიქსირდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები