Thumbnail

ჰარუ ბაშოს წინ | ტოჩინოშინი დაკარგულის დაბრუნებისთვის, გაგამარუ არ იქნება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 8-22 მარტს ოსაკაში ჰარუ ბაშო უმაყურებლოდ გაიმართება
  • ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია

8 მარტს ოსაკაში წლის მეორე სუპერტურნირი, ჰარუ ბაშო იწყება, რომელიც 1945 წლის შემდეგ პირველად, უმაყურებლოდ ჩაივლის. მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხეა. 

ბაშოს დასავლეთის მე-9 მაეგაშირას სტატუსით შეხვდება ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომლისთვისაც ეს კარიერაში 84-ე ბაშოა. შეგახსენებთ, რომ იანვრის ბაშო მან 5-10 ბალანსით დაასრულა. ლევანს 2019 წლის მაისის შემდეგ ბაშო დადებითი ბალანსით არ დაუსრულებია (0-15 - ივლისში, 6-9 სექტემბერში, 2-13 ნოემბერში, 5-10 იანვარში), შედეგად მან მეორედ მოპოვებული ოძეკის რანგიც დაკარგა და რიგით მაეგაშირებშიც საკმაოდ დაქვეითდა. ახლა დაახლოებით 5 ორთაბრძოლა მაინც თუ არ მოიგო, შესაძლოა, ელიტიდანაც გავარდეს.

ზედიზედ 4 ბაშოა, რაც ტოჩინოშინს დადებითი ბალანსისთვის არ მიუღწევია

ცნობილია ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე - 8 მარტს მე-10 მაეგაშირა სადანოუმის (4:2 ურთიერთშეხვედრებში) ეჭიდავება, ხოლო 9 მარტს - მე-11 მაეგაშირა ჩიოტაირიუს (8:2). როგორც ხედავთ, დასაწყისისთვის ლევანს მისთვის სასურველი მეტოქეები ჰყავს. 

ბაშოზე ორი დიდი ჩემპიონი (იკოძუნა) მონაწილეობს - ჰაკუჰო და კაკურიუ, ოძეკი მხოლოდ ერთია (რაც 21-ე საუკუნეში პირველად მოხდება) - ტაკაკეიშო. 

დიდი ალბათობით, გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ვერ იასპარეზებს ოსაკაში, მას ტრავმა აწუხებს. გაგამარუ მაკუშიტას დივიზიონის 44-ე ნომერია. 

კორონავირუსის გამო

ედიონ არენა ცარიელი დარჩება

როგორც ვთქვით, ბაშო მაყურებლის გარეშე ჩაივლის, თუმცა მხოლოდ ეს შეზღუდვა არ არის. სუმოს ასოციაცია ყველა მონაწილეს დღეში ორჯერ გაუსინჯავს ტემპერატურას.

თუკი სუმოისტებს, მწვრთნელებს, მსაჯებსა და მომსახურე პერსონალში კორონავირუსის ერთი შემთხვევა მაინც გამოვლინდება, ბაშო შეწყდება. 

თუ სუმოისტს 37.5 ტემპერატურა და მეტი დაუფიქსირდება, ეს ამბავი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კაგაიამას, რომელიც ანტიკრიზისული მმართველობის შეფია.  

კომენტარები

ბოლო ამბები