Thumbnail

საქართველოსა და ესტონეთის ჩოგბურთელთა ნაკრებების მატჩში, რომელიც მზიურის კორტებზე მიმდინარეობს, ანგარიში 1:1 გახდა.

შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ს ეგიდით ტარდება და მასში გამარჯვებული I ჯგუფში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვდება.

სასტარტო მატჩში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (27-ე მსოფლიო რეიტინგში) ვლადიმირ ივანოვს (732-ე) 6:4, 6:1 სძლია, რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში კი ალექსანდრე მეტრეველმა (564-ე) კრისტიან ტამთან (729-ე) 4:6, 6:4, 3:6 წააგო.

სანდრომ 5 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, პირველ მოწოდებაზე გათამაშებების 79% (52-დან 41) მოიგო, მეორეზე კი – 50% (34-დან 17). მეტრეველმა 6-დან 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 2-ჯერ დათმო.

ქართულ-ესტონური დაპირისპირება ხვალ, 7 მარტს გაგრძელდება. თავდაპირველად, 10:00 საათზე, წყვილთა შეხვედრაა დაგეგმილი: გიორგი ცივაძე (866-ე) და ზურა ტყემალაძე (ურეიტინგო) – მატიას სიიმარისა (ურეიტინგო) და ივანოვის წინააღმდეგ.

შაბათსვე, ერთეულთა კიდევ 2 თამაში ჩატარდება: ბასილაშვილი ტამს გაეჯიბრება, მეტრეველი კი – ივანოვს.

კომენტარები

ბოლო ამბები