Thumbnail
  • რატომ მოუგო კლიპერსმა ჰიუსტონს?
  • ვესტბრუკის ახალი როლი - როგორ მუშაობს ჰიუსტონის სისტემა
  • როკეტსი სამქულიანებზეა დამოკიდებული
  • როცა კავაი და ჯორჯი ერთად არიან, კლიპერსი სხვა ძალაა

NBA-ს პლეი ოფი ახლოვდება და ლიდერების შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის გუნდები, რომლებსაც ჩემპიონობის პრეტენზია აქვთ, თავიანთ ძალებს პლეი ოფის წინ სწორედ პოტენციურ კონკურენტებთან სინჯავენ. სწორედ ამიტომ, ჰიუსტონი-კლიპერსის შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. დიდია იმის ალბათობა, რომ ამ გუნდებს სულ მალე პლეი ოფშიც მოუწიოთ ერთმანეთთან თამაში.

საინტერესო იყო ისიც, თუ როგორ იმუშავებდა დიდი ტრეიდის შემდეგ ჰიუსტონის ახალი სისტემა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის წინააღმდეგ. ხუთი მთავარი დაკვირვება ჰიუსტონი-კლიპერსის მატჩიდან პოპსპორტის ანალიტიკურ სტატიაში.

ჰიუსტონი სამქულიანებზეა დამოკიდებული

ერთ ცნობილ ამერიკულ გამოთქმას თუ გადმოვაქართულებთ, ჰიუსტონი სამქულიანებით ცოცხლობს და კვდება. ვინმემ შეიძლება მითხრას, რომ ჯეიმს ჰარდენის და მაიკ დ'ანტონის ეპოქაში ეს ყოველთვის ასე იყო. მართალიც იქნება. თუმცა სულ რამდენიმე კვირის წინ შესრულებული დიდი ტრეიდის შემდეგ, ჰიუსტონის სამქულიანებზე დამოკიდებულებამ ახალი მასშტაბი შეიძინა.

ამ გუნდს პარკეტზე ყოველთვის ჰყავს სულ მცირე 4 (ან 5) მოთამაშე მაინც, რომელიც ძალიან კარგი მსროლელია. ჰიუსტონი კაპელას წასვლის შემდეგ ცენტრის გარეშე თამაშობს და ყველა მის მოთამაშეს პერიმეტრიდან სროლა შეუძლია. სამქულიანები კალათბურთში ყველაზე ნაკლებად სანდო იარაღია - სროლის მანძილი დიდია და რაც არ უნდა კარგი მსროლელები გყავდეს, ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ რომელიმე თამაშში სროლა უბრალოდ არ წაგივიდეს. ანუ, სამქულიანი მაღალპროცენტიანი სროლა არ არის.

ამ შეხვედრაში ასეც მოხდა. ჰიუსტონმა უფრო მეტი სროლა შექმნა (97), ვიდრე კლიპერსმა (87), უფრო იშვიათად დაკარგა ბურთი (10 დაკარგვა ჰიუსტონს, 14 კლიპერსს), თუმცა მაინც უშანსოდ წააგო. პირველივე ნახევარს ტექსასელები 20 ქულაზე მეტით აგებდნენ და მთელი თამაში ახლოსაც კი ვერ მივიდნენ.

ეს სწორედ სამქულიანების ბრალია. ჰიუსტონმა პირველ ტაიმში 22-დან მხოლოდ 2 სამიანი ჩააგდო. ჯამში კი 42-დან მხოლოდ 7 სამიანი გამოიყენა - ზუსტი სროლების კატასტროფული, 16.7 პროცენტი.

მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ გუნდს სამიანების სროლა არ წაუვიდა, პრობლემა ის არის, რომ შეტევაში ჰიუსტონს სხვა ოპცია, სხვა თამაში არ აქვს. მაშინაც კი, როცა ჰარდენის გუნდს პერიმეტრიდან სროლა არ მისდის, ისინი ჯიუტად მაინც ისვრიან, სხვა თამაში ჰიუსტონის არსენალში უბრალოდ არ არის. შედეგად: უშანსოდ წაგებული შეხვედრა კლიპერსთან.

ამ ტიპის თამაშით ეს ჰიუსტონი პლეი ოფში ყველაზე რთულად პროგნოზირებადი გუნდი იქნება. ამ გუნდს იმდენი მსროლელი ჰყავს, რომ სროლების შექმნას ყოველთვის მოახერხებს და თუ სამიანები დიდი პროცენტით წავიდა, მაშინ ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. ხოლო, თუ კარგი სროლის დღე არ ექნება, შეიძლება, ნებისმიერთან დამარცხდეს.

ტრეიდმა ჰიუსტონის დაცვა დაასუსტა

ტრეიდის შედეგად ჰიუსტონმა თავისი ცენტრი კლინტ კაპელა დაკარგა და მის ნაცვლად მსროლელი რობერტ კავინგტონი დაიმატა. შეტევაში ჰიუსტონი ბევრად უფრო სახიფათო და მობილური გახდა. კაპელას სროლა არ ჰქონდა, მხოლოდ ფართან ახლოს შეეძლო თამაში და ის ჰარდენს სივრცეს უკეტავდა. კაპელას გარეშე ჰიუსტონი სივრცეს და სროლებს ბევრად უკეთ ქმნის, თუმცა დაცვაში, საკუთარ სამწამიანში არცერთი მოთამაშე არ ჰყავს, რომელიც 205 სანტიმეტრზე მაღალია.

როცა სამწამიანში 213 სანტიმეტრიან  ზუბაცს ჰარდენი ეთამაშება, არცთუ ისე კარგი იდეაა

შედეგად, ჰიუსტონს თავის სამწამიანში მეტოქის მაღალი და ათლეტური მოთამაშეების წინააღმდეგ არაფერი აქვს. ასე მოხდა ამ თამაშშიც - ტექსასელები კლიპერსს სამწამიანში ვერ აჩერებდნენ. შედეგად, მონტრეზ ჰარელმა, კლიპერსის ცენტრმა 10 ჯარიმა ისროლა, ივიცა ზუბაცმა, მეორე ცენტრმა - 6, კავაი ლეონარდმა კი - 9. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰიუსტონი წინააღმდეგობის გაწევას სამწამიანში ვერ ახერხებდა და ჯარიმებს იღებდა.

პრობლემა ისევ ვესტბრუკია?!

რასელ ვესტბრუკი ისევ პრობლემაა, ოღონდ ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. ამ თამაშში ვესტბრუკი საუკეთესო იყო თავის გუნდში - 29 ქულა, 27-დან 11 ზუსტი სროლა, 15 მოხსნა (7 მეტოქის ფარზე), მხოლოდ ორი ნასროლი სამქულიანი. ანუ ვესტბრუკმა ძალიან კარგად, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშა.

საერთოდაც, ტრეიდის შემდეგ ვესტბრუკი ახალ როლს ძალიან კარგად ირგებს. ეს ტრეიდიც მის გამო მოხდა. ჰიუსტონს ერთდროულად ორი მოთამაშე (კაპელა, ვესტბრუკი) ჰყავდა, რომელთა სამქულიანებსაც მეტოქე არ უფრთხოდა. შედეგად, ნებისმიერ გუნდს შეეძლო ჰარდენთან ორმაგი დაცვით ეთამაშა და ვესტბრუკი სამიანზე თავისუფალი დაეტოვებინა. ტრეიდის შედეგად, ვესტბრუკის როლი შეიცვალა - ის უკვე ნაწილობრივ ცენტრის ფუნქციას ასრულებს, ანუ სამწამიანში, კაპელას ადგილზე შედის და იქ მოხსნებისთვის იბრძვის. ვესტბრუკი იმდენად ათლეტურია, რომ მას ეს გამოსდის.

რასელ ვესტბრუკი სამწამიანში

პრობლემა ის არის, რომ როდესაც ჰიუსტონი ვესტბრუკის გუნდია, მაშინ ბევრად უფრო ნაკლებად სახიფათოდ გამოიყურება. ჯეიმს ჰარდენს კატასტროფული დღე ჰქონდა - 17 სროლაში მხოლოდ 16 ქულა, 8-დან ვერცერთი ჩაგდებული სამქულიანი, 4 დაკარგვა და - 19.

ეს გასაკვირი არ არის. კლიპერსს პერიმეტრზე საუკეთესო დაცვა ჰყავს - ჰარდენის წინააღმდეგ ერთდროულად შეუძლიათ თამაში პატრიკ ბევერლის, ლეონარდს და ჯორჯს. პატრიკ ბევრლიმ მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო, თუმცა +28 ჰქონდა - ეს ჰარდენის წინააღმდეგ მისი დაცვის დამსახურებაა.

ჰიუსტონი ჰარდენის გუნდია, ის ქმნის სროლებს და მთელ თამაშს. ანუ, როცა მეტოქეები ჰარდენს არ ათამაშებენ და ვეტსბრუკს საშუალებას აძლევენ, რომ თამაში თავის თავზე აიღოს, ეს ჰიუსტონისთვის ცუდი სცენარია. მაშინაც კი, როცა თავად ვესტბრუკი სტატისტიკურად კარგად თამაშობს.

როცა ლეონარდი და ჯორჯი პარკეტზეა, კლიპერსი შეუჩერებელია

ამ სეზონში კლიპერსი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ არა დაუმარცხებლად. თუმცა, ეს მხოლოდ მოჩვენებითი შთაბეჭდილებაა. ლეონარდმა და ჯორჯმა ტრავმების და დასვენების გამო ჯამში 35 თამაში გამოტოვეს.

კლიპერსის წაგებების უმეტესობა სწორედ იმ თამაშებზე მოდის, როცა ისინი არ იყვნენ. პირველ 60 თამაშში მათ ერთად მხოლოდ 28-ჯერ ითამაშეს და 21 თამაში მოიგეს - ანუ, თამაშების 75 პროცენტი. თუნდაც ერთ-ერთი მათგანის გარეშე კლიპერსი სხვა გუნდია - 32 თამაშში 20 მოგება და 12 წაგება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ იმ თამაშებში, როდესაც ისინი პარკეტზე ერთად იყვნენ, კლიპერსს ბევრად უფრო ძლიერი მეტოქეები ჰყავდა.

კავაი ლეონარდი

როცა ეს დუეტი პარკეტზე ერთად არის, კლიპერსი მეტოქეებს 8 ქულით უგებს (მილუოკის შემდეგ მეორე მაჩვენებელი NBA-ში), თუნდაც, ერთ-ერთი მათგანის გარეშე კი 4.7 ქულით (მეექვსე მაჩვენებელი ლიგაში).

კლიპერსი პლეი ოფში ფავორიტია

კლიპერსმა მთელი რეგულარული სეზონი პლეი ოფისთვის სამზადისს შეალია. მათ ორი ტრავმატული ვარსკვლავი (ჯორჯი, ლეონარდი) ჰყავთ და მათი ჯანმრთელობა და დასვენება უფრო პრიორიტეტულ მიზნად იქცა, ვიდრე მაღალი ადგილი და საშინაო პარკეტის უპირატესობა. ამ ეტაპზე კლიპერსის გეგმა იდეალურად მიდის. გუნდი ძალების ნაკლები დაძაბვითაც დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიულად, თავის კონფერენციაში, მხოლოდ ერთ სერიაში არ ექნება თავისი პარკეტის უპირატესობა. ისიც ლეიკერსთან, მეორე ლოს ანჯელესურ კლუბთან ანუ იმ შემთხვევაშიც ეს კლიპერსისთვის არ იქნება სტანდარტული გასვლა.

კავაი ლეონარდი საშუალოდ მხოლოდ 32 წუთს თამაშობს, შარშანდელზე 7 წუთით ნაკლებს. გასული წლის პლეი ოფში კავაი როგორ ფორმაში იყო, ყველას გვახსოვს. წელსაც რაიმე მსგავსს უნდა ველოდოთ. ამ თამაში კავაიმ +33 დაასრულა. ლეიკერსის გარდა, დასავლეთ კონფერენციაში კლიპერსს რეალური კონკურენტი არ ჰყავს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები