Thumbnail

ძაგნიძე ლიდერთა ხუთეულშია – მსოფლიოს ჩემპიონი ათეულის ბოლოშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით მსოფლიოსა და ევროპის ექს-ჩემპიონს დაუზავდა
  • ქართველ მოჭადრაკეს მორიგი პარტია უშუალო კონკურენტთან ელის

ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (2482) შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე მსოფლიო გრან პრის მორიგ ეტაპზე მე-3 ტურიც დაუმარცხებლად განვლო და ლიდერთა ჯგუფში ადგილი შეინარჩუნა.

გასულ ტურში ნანა შავი ფიგურებით მსოფლიოსა (2004) და ევროპის (2002) ჩემპიონს, ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვას (2453) დაუპირისპირდა და ყაიმი გააფორმა.

შედეგად, ძაგნიძეს 2.0 ქულა მოუგროვდა და პირველ-მეხუთე ადგილებს იყოფს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეოთხეა.

ქართველი მოჭადრაკის გარდა, ლიდერებში არიან ალეკსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 2579), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2535), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2517) და ანა კაშლინსკაია (რუსეთი, 2485).

აღსანიშნავია, რომ მე-3 ტურში ჰარიკამ თეთრი ფიგურებით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი, 2583) დაამარცხა, რომელსაც მხოლოდ 1.0 ქულა აქვს და მე-10 პოზიციაზეა.

მე-4 ტურში ნანა თეთრი ფიგურებით სწორედ დრონავალის ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ ლოზანური ტურნირი, რომელშიც 12 მოჭადრაკეა ჩართული, წრიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 13 მარტს დასრულდება.

ქალთა მსოფლიო გრან პრის 2 ეტაპის თავზე ინდოელი ჰამპი კონერუ ლიდერობს 293 ქულით, ძაგნიძემ კი ჯერ მხოლოდ ერთ ეტაპში (მონაკო) მიიღო მონაწილეობა და 16 მონაწილეს შორის მეცამეტე-მეთოთხმეტე ადგილებს იყოფს.

კომენტარები

ბოლო ამბები