Thumbnail
  • დალას მავერიკსი 127:123 ნიუ ორლეანს პელიკანსი
  • ლუკა დონჩიჩის და ზაიონ უილიამსონის დუელი სლოვენიელმა მოიგო
  • ლუკამ დალასის ახალი რეკორდიც დაამყარა

ეს იყო ლუკა დონჩიჩის და ზაიონ უილიამსონის პირველი დუელი - კალათბურთელების, რომლებიც NBA-ს მომავალი სუპერვარსკვლავები არიან. საბოლოოდ, დონჩიჩის დალასმა ზაიონის ნიუ ორლეანსი ოვერტაიმში 127:123 დაამარცხა და სლოვენიელმა მავერიკსის ახალი რეკორდიც დაამყარა.

დონჩიჩმა 30 ქულით, 17 მოხსნით და 10 პასით NBA-ში თავისი 22-ე სამმაგი დუბლი შეასრულა. ამ შედეგით სლოვენიელი დალასში რეკორდის ერთპიროვნული მფლობელია - მან ჯეისონ კიდს გადაასწრო.

ამ სეზონში ლუკას უკვე 14 სამმაგი დუბლი აქვს - ეს მთელ NBA-ში საუკეთესო შედეგია! მეორე ადგილზე ლებრონ ჯეიმსია - მას 13 სამმაგი დუბლი აქვს, მესამეზე კი - ნიკოლა იოკიჩი (დენვერი, 12). აღსანიშნავია, რომ რასელ ვესტბრუკს (ჰიუსტონი) ამ სეზონში 8 სამმაგი დუბლი აქვს, ბენ სიმონსს (ფილადელფია) - 6, ხოლო იანის ანტეტოკუნმპოს (მილუოკი) და დომანტას საბონისს (ინდიანა) - 4-4.

საინტერესოა, რომ დონჩიჩმა 14 სამმაგი დუბლი 50 მატჩში გააკეთა, ლებრონმა კი 13 სამმაგი დუბლი 57 შეხვედრაში შეასრულა.

📺 ვიდეო: ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლი ნიუ ორლეანსთან

ზაიონ უილიამსონმა დალასთან შეხვედრაში 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა სეზონში, როცა ზაიონმა ორ დღეში ორი თამაში ჩაატარა. დრაფტის პირველ ნომერს ბოლო 13 მატჩში მინიმუმ 20-20 ქულა აქვს გაკეთებული. დონჩიჩზე მეტი, 34 ქულის ჩაგდება მოახერხა კრისტაპს პორზინგისმა - მას 12 მოხსნაც ჰქონდა. პელიკანსიდან კი ბრენდონ ინგრამს ჰქონდა 27 ქულა.

38 მოგებით და 25 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და მე-6 ადგილზე მყოფ ოკლაჰომას (38-24) მხოლოდ 1 წაგების გამო ჩამორჩება. ზაიონის ნიუ ორლეანსი (26-36) მე-12 ადგილზეა.

მატჩის შემდეგ, დონჩიჩი მადრიდის რეალის ბელგიელ ვარსკვლავ ედენ აზარს შეხვდა. ლუკამ და ედენმა 7 და 77-ნომრიანი მაისურები გაცვალეს.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები