Thumbnail
  • ინტერვიუ დინამო თბილისის და საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან
  • რევაზ ჩომახიძემ პოპსპორტთან ინტერვიუში ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა

დინამო თბილისმა წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურის მატჩში მარსელი 15:12 დაამარცხა. ეს ისტორიული გამარჯვებაა, რადგან საქართველოს ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო. აქამდე გუნდს 9-ვე მატჩი წაგებული ჰქონდა, მათ შორის, მარსელშიც (7:17). დინამო თბილისისა და საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ ჩომახიძეს მატჩის შეფასება ვთხოვეთ. პოპსპორტთან ინტერვიუში მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

popsport: პირველ რიგში გილოცავთ და თუ შეიძლება, შეაფასეთ გუშინდელი მატჩი.

რევაზ ჩომახიზე: ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მარსელი შარშანდელი ევროპის თასის გამარჯვებულია. გუნდში საფრანგეთის ნაკრების რამდენიმე წყალბურთელი თამაშობს. პირველ სამ პერიოდში მხოლოდ შვიდი გოლი გავუშვით, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი შედეგია და დაცვის შესანიშნავ მოქმედებაზე მეტყველებს. კონკრეტულად მესამე მეოთხედი, რომელიც წყალბურთში გადამწყვეტად ითვლება 6:3 მოვიგეთ და უკანასკნელი სათამაშო მონაკვეთის წინ, 7-ბურთიანი უპირატესობა მივიღეთ. უნდა ავღნიშნო რომ ამ ჰანდიკაპმა ცოტათი კონცენტრაცია დაგვაკარგინა, რისი შედეგიც დასკვნითი მეოთხედის 1:5 წაგება იყო.

'დინამო ფაქტობრივად საქართველოს ნაკრებია, ძალიან მჭიდრო გრაფიკი გვაქვს'

popsport: ეს ისტორიული გამარჯვებაა, რადგან საქართველოს ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო...

ჩომახიზე: აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ამ გამარჯვებამდე რამდენიმე კარგი მატჩი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო შედეგი. არ გაგვიმართლა თბილისში ჰანოვერთანაც. ასევე კარგად ვითამაშეთ გასვლაზე ტერასასთან, მაგრამ ვერცერთ ამ შეხვედრაში ქულა ვერ ავიღეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ დაპირისპირებებში გუნდის პოტენციალი გამოჩნდა. მარსელთან მატჩამდე განსხვავებული სიტუაცია იყო. ამ თამაშს ფაქტობრივად იდეალურ კონდიციებში შევხვდით. იმის გამო, რომ დინამო თავისი სტაფით, ფაქტობრივად საქართველოს ნაკრებია, გრაფიკი ძალიან მჭიდრო გვაქვს, მარსელთან მატჩამდე კი ფანჯარა გვქონდა, რომელიც მაქსიმალურად კარგად გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვართ იმ დონეზე, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში სტაბილურად კარგად გამოვიყურებოდეთ და ისეთ დიდ ტურნირზე, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა, წარმატება გვქონდეს.

popsport: ფაქტია, რომ დინამო და საქართველოს ნაკრები ერთი და იგივე გუნდია. რა მიზნები აქვს ეროვნულ ნაკრებს?

ჩომახიძე: რამდენადაც უცნაურად უნდა ჟღერდეს, ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ერთგვარად მოსამზადებელი ეტაპია. ამ ტურნირის მატჩებს პრაქტიკისთვის, გარკვეული სათამაშო კომპონენტების დასახვეწად და გასაუმჯობესებლად ვიყენებთ. 22 მარტს როტერდამში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება. საგზურს სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. რა თქმა უნდა, წარმატების შანსი მცირეა, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ასეთ ტურნირში ვმონაწილეობთ, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. დავაგროვებთ გამოცდილებას, საქართველოს ნაკრები უკვე აღარ იქნება დებიუტანტი და ეს ყველაფერი მომავლისთვის ძალიან გამოგვადგება.

კომენტარები

ბოლო ამბები