Thumbnail

'ჩვენი მიზანი ჯგუფის მოგებაა' - ესტონეთი საქართველოსგან სიურპრიზს ელოდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • C ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ესტონეთია
  • ესტონური მედია ერთა ლიგაში თავისი ნაკრების შანსებს მიმოიხილავს
  • წილისყრა ნაკრების მწვრთნელმა და ფედერაციის პრეზიდენტმაც შეაფასეს

ამსტერდამში გამართულ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყო. C ლიგის მე-2 ჯგუფში საქართველოს მეტოქეებად ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი შეხვდა.

ჯგუფის მატჩები სექტემბერ-ნოემბერში ჩატარდება, საქართველოს ნაკრები კი ამ ეტაპზე გამოსვლას 5 სექტემბერს, სტუმრად ესტონეთთან თამაშით დაიწყებს და დაამთავრებს ისევ ესტონეთით - 16 ნოემბერს, შინ გასამართი შეხვედრით.

📋 მეტი ამ თემაზე:

ესტონური მედია ერთა ლიგაში თავისი ნაკრების შანსებს მიმოიხილავს, ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი კარელ ვოოლაიდი და ესტონეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი აივარ პოჰლაკი კი თავიანთ მოლოდინს ახმოვანებენ.

ბოლოს საქართველომ ესტონეთს 2018 წელს, ამხანაგურ მატჩში მოუგო - 2:0

"ესტონეთის ნაკრების მიზანი ერთა ლიგის ჯგუფის მოგებაა!" 

სწორედ ასეთი სათაური აქვს POSTIMEES-ის სტატიას, რომელსაც ვოოლაიდასა და პოჰლაკის კომენტარებიც ახლავს.

POSTIMEES.EE: რეიტინგში სამივე მეტოქე ჩვენზე მაღალაა: ჩრდილოეთ მაკედონია 68-ეა, საქართველო - 91-ე, სომხეთი კი - 102-ე. ესტონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კარელ ვოოლაიდას თქმით, ჯგუფის აუტსაიდერად ჩვენი გუნდი მიიჩნევა.

"არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩვენთვის იღბლიანი წილისყრა, თუკი ყველა გუნდი ერთი დონის იქნებოდა. ვფიქრობ, ჩვენი მეტოქეები თავს ჩვენზე ძლიერებად მიიჩნევენ. ისინი ჩვენთან ქულების დაგროვებას გეგმავენ, მაგრამ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ. ამ გათამაშებას ყველა გუნდი ცარიელი ფურცლიდან იწყებს".

ვოოლაიდის ხელში ესტონეთმა მოგება ჯერ არ იცის - 6 მატჩი, 1 ფრე, 5 მარცხი

საიტი ცალ-ცალკე მიმოიხილავს ჯგუფში ესტონეთის ნაკრების მეტოქეებს და საქართველოს ნაკრებსაც ახასიათებს.

POSTIMEES.EE: ესტონეთის ნაკრები საქართველოს ბოლოს 2018 წელს ეთამაშა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. სულ კი ესტონეთს საქართველოსთან 6-ჯერ უთამაშია, საიდანაც 2-ჯერ მოიგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა. ქართველებს, როგორც მათ უწოდებენ - "კავკასიელ ბრაზილელებს", ყოველთვის მაღალ ამბიციები აქვთ, მაგრამ პრაქტიკულად, საქართველოს ნაკრებს, რომელსაც არცთუ ურიგო შემსრულებლები ჰყავს, სიურპრიზები ახასიათებს ხოლმე - შეუძლია გრანდს ქულები აართვას, მაგრამ სუსტ მეტოქესთან წააგოს. 
 
"ჯერ საჭიროდ არ მივიჩნევ მეტოქეთა გაანალიზებას, - ამბობს ვოოლაიდი. - თითეულ ნაკრებს თავისი ვარკვლავები ჰყავს. მეტოქეებზე წარმოდგენა ივნისში შეგვექმნება, როდესაც ნაკრებებს ამ წლის მატჩები ექნებათ ჩატარებული. მეტოქეებთან მიმართებაში სტრატეგიას სწორედ მაშინ ჩამოვაყალიბებთ". 

აივარ პოჰლაკი მიზნად ჯგუფის მოგებას ისახავს

ესტონელები იმედოვნებენ, რომ ერთა ლიგაში ბრძოლისუნარიანი გუნდით წარსდგებიან, მათი ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი კი უმაღლეს მიზანს ისახავს - ჯგუფის მოგებას. 

POSTIMEES.EE: ესტონური ფეხბურთის ხელმძღვანელმა შემოდგომის სამთვიან პერიოდში რთული მიზანი დაისახა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, არა შეუსრულებელი. ესტონეთის ნაკრებს, რომელსაც ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი საშინელი გამოუვიდა (მხოლოდ 1 ქულა 8 მატჩში), შეუძლია საბრძოლო შემადგენლობის გამოყვანა. 

"რას ველით ამ ჯგუფისგან და რისთვის ვთამაშობთ? ეს არის ჯგუფის მოგება და B დივიზიონში აღზევება. გამოწვევა რთულია, მაგრამ ეს ნორმალურია", - ამბობს ესტონეთის ფეხბურთის კავშირის ხელმძღვანელი. 

საქართველოს ნაკრებს ჯერ ევრო 2020-ის საგზური აქვს მოსაპოვებელი

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის პირველ, 2018/19 წლების სეზონში, საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და D ლიგიდან C-ში გადავიდა. გარდა ამისა, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვა და საგზურისთვის მარტის ბოლოს იბრძოლებს. 1/2-ფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს 26 მარტს უმასპინძლებს, წარმატების შემთხვევაში კი ფინალში, 31 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში მოგებულს მიიღებს.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები