Thumbnail

‘ნიკა ჩვენი მთავარი იარაღია’ - ნაკრები ესტონეთთან მატჩისთვის ემზადება

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • 📅 6-7 მარტი | ⌚ 20:00 | 🎾 საქართველო V ესტონეთი | 📺 პირველი არხი
  • ქართველი ჩოგბურთელები მსოფლიო ჯგუფი II-ს პლეი ოფში ითამაშებენ

ესტონელების წინააღმდეგ დევისის თასის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მისი ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილიც დაეხმარება. ქართველი და ესტონელი ჩოგბურთელების დაპირისპირება თბილისში, ალექსანდრე მეტრეველის საჩოგბურთო კლუბში 6 და 7 მარტს გაიმართება. საქართველოს დედაქალაქში სტუმრები თავიანთი ლიდერის, იურგენ ზოპის გარეშე ჩამოვიდნენ, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 714-ე ჩოგანია. სწორედ ამ და კიდევ სხვა ფაქტორებს მიიჩნევს საქართველოს ნაკრების უპირატესობად მასპინძელთა კაპიტანი დავით კვერნაძე.

'ყველა ჩოგბურთელი კარგ ფორმაშია. ჩვენი გუნდი ფავორიტია' - დავით კვერნაძე

“ჩვენი გუნდი ამ წყვილის ფავორიტია. ესტონელებს ლიდერი კრისტიან ტამი აკლიათ. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მატჩს სახლში ვატარებთ, შესაბამისად, ქართველი ქომაგის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ჩვენი უდიდესი პლუსი ნიკოლოზ ბასილაშვილის დაბრუნებაა. ნიკა ჩვენი მთავარი იარაღია. ამ მომენტისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩოგბურთელი კარგ ფორმაშია,” - განაცხადა დავით კვერნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ნაკრები ესტონეთთან თამაშისთვის ემზადება
📸 | საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია

შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. გამარჯვებული ნაკრები გამოსვლას მეორე ჯგუფში გააგრძელებს, დამარცხებული კი - მესამე ჯგუფში დაქვეითდება. მატჩის მნიშვნელობაზე და არა მარტო, ნიკოლოზ ბასილაშვილმაც ისაუბრა.

“პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ბოლომდე ფორმაში შესვლა ვერ მოვასწარი, მაგრამ თანმიმდევრულად ვუმატებ. იმედი მაქვს, რომ ესტონელებთან თამაშში საუკეთესო თვისებების გამოვლენას შევძლებ. ძალიან გამოგვადგა იანვარში ავსტრალიაში გამართული ATP CUP. ამ ტურნირმა გუნდი კიდევ უფრო შეკრა და დევისის თასის ამ მატჩისთვის კარგი რეპეტიციაც გამოგვივიდა,” -  განაცხადა საქართველოს პირველმა ჩოგანმა.

საქართველოს და ესტონეთის ნაკრებთა შეხვედრის განრიგი ხვალინდელ წილისყრაზე დადგინდება. მასპინძელთა ღირსებას კიდევ ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, ალექსანდრე ბაკში და ზურა ტყემალაძე დაიცავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები