Thumbnail

ცუდი ნიშანი - კორონავირუსის გამო, თბილისური მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დინამო თბილისი და მარსელი ცარიელ დარბაზში ითამაშებენ
  • ცნობა საგანგაშოა სპორტის  ქართველი გულშემატკივრებისთვის

დინამო თბილისი მარსელთან წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩს, რომელიც 3 მარტს ოლიმპიკის აუზზე გახლავთ დაგეგმილი, მაყურებლების გარეშე ჩაატარებს.

ცხადია, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო იქნა მიღებული, რომელმაც საქართველოშიც შემოაღწია.

შესაბამის განცხადებას საქართველოს წყალბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს:

“ბოლო დროს მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკებთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 3 მარტს, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩი თბილისის დინამოსა და ფრანგულ კლუბ მარსელს შორის, საცურაო აუზ ოლიმპიკში ჩატარდეს მაყურებლების გარეშე”.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნამდვილად საგანგაშო უნდა იყოს ქართველი ქომაგებისთვის, რომლებიც მარტში რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას ელიან.

შეგახსენებთ, რომ 14 მარტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს თბილისში რუსეთთან დაპირისპირება ელის, 26 და შესაძლოა, 31 მარტს, ქართველ ფეხბურთელებს ევრო 2020-ს საპლეიოფო შეხვედრები უწევთ, 27-29 მარტს კი, საქართველოს დედაქალაქშივე ძიუდოს გრან პრია დაგეგმილი.

წყალბურთის მატჩის მაყურებლების გარეშე გამართვა საქართველოში პირველი პრეცენდენტია და თუკი სიტუაცია არ გამოსწორდა, შესაძლოა, იგივე ვიხილოთ ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებზეც, რაც ქართველი გულშემატკივრებისთვის და ცხადია, სპორტსმენებისთვისაც დიდი იმედგაცრუება იქნება.

ძვირფასო გულშემატკივრებო, ბოლო დროს, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე,...

Posted by WPC Dinamo Tbilisi on ორშაბათი, 02 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები