Thumbnail
  • 5 ძირითადი ფაქტორი, რატომ მოუგო რეალმა ბარსელონას?
  • ბარსელონას შემტევი სამეული ვერ კომბინირებდა
  • ზინედინ ზიდანის პრესინგი ძალიან შთამბეჭდავია
  • რეალმა მეორე ტაიმში ბარსას დაცვიდან ამოსვლის საშუალება არ მისცა
  • გადამწყვეტი უპირატესობა მადრიდელებს ფლანგებზე ჰქონდათ

უიქენდის მთავარი შეხვედრა მადრიდში გაიმართა - რეალი ბარსელონას მასპინძლობდა. მატჩის ინტრიგას ის ფაქტი ზრდიდა, რომ გუნდებს შორის მატჩის წინ მხოლოდ ორქულიანი სხვაობა იყო, ლა ლიგის დასრულებამდე კი დიდი დრო აღარ არის დარჩენილი. რა მოხდა თამაშში და რატომ მოიგო ზიდანის გუნდმა? 5 დაკვირვება პოპსპორტის სტატიაში.

ბარსა სეტიენის ფეხბურთისთვის მზად არ არის

კიკე სეტიენმა თავის პირველ კლასიკოში ჰიბრიდული სქემა აირჩია - ეს იყო რაღაც შუალედური 4-3-3-სა და 4-4-2-ს შორის. ამ განლაგებებს არტურო ვიდალის პოზიცია გარდაქმნიდა. ვიდალს ბევრი მოძრაობა შეუძლია და იგი დაცვის დროს მეოთხე ნახევარმცველის პოზიციას ითავსებდა, შეტევის დროს კი თავდამსხმელის პოზიციაზე გვევლინებოდა.

თეორიაში ბარსას სამივე შემტევს (მესი, გრიზმანი, ვიდალი) მყარი პოზიცია არ ჰქონდა - მათ სივრცე შეტევაში თვითონვე უნდა გაენაწილებინათ. მეტიც, პოზიციური შეტევის დროს მარცხენა ფლანგიდან ნომინალური მცველი ჯორდი ალბა უტევდა, ბარსას სამივე შემტევი კი მარჯვენა ფლანგს, ე.წ. ნახევარფლანგებს და ცენტრს ინაწილებდა. პრობლემა ის არის, რომ ამ ტიპის თამაში, როდესაც მოთამაშეები სინქრონულად მოძრაობენ, პოზიციებს ცვლიან და ერთმანეთს ავსებენ, იდეალურ გუნდურ ბალანსს მოითხოვს. იდეაში, ეს კიკე სეტიენის ფეხბურთია. თუმცა, ამ ტიპის თამაშის დაყენება დროს მოითხოვს. სეტიენი ბარსელონაში ახალი მისულია და მას ეს დრო არ ჰქონია.

შესაბამისად, ბარსას შემტევი სამეული ერთმანეთს, ფაქტობრივად, ვერ გრძნობდა. უჩვეულოდ პასიური მესის ფონზე (მხოლოდ 1 დრიბლინგი), გრიზმანი საერთოდ დაიკარგა, ვიდალი კი მისი დინამიურობის მიუხედავად, შეტევაში არაეფექტური იყო.

თუ შევადარებთ პირველ კლასიკოს, სეტიენის ხელში ბარსა ოდნავ უკეთესია და აშკარად უკეთ ათამაშებს ბურთს. პირველ ტაიმში, სანამ ტემპი დაბალი იყო, ბარსელონა უფრო სოლიდურად გამოიყურებოდა და რამდენიმე მომენტიც შექმნა. თუმცა, რეალის ზეწოლამ გამოაჩინა, რომ ბარსელონა ამ ეტაპზე მზად არ არის, ის ფეხბურთი ითამაშოს, რომლის დასაყენებლადაც სეტიენი მივიდა.

ზიდანის პრესინგი

პირველ კლასიკოში რეალმა ძალიან ეფექტური პრესინგით ბარსას დაცვიდან ამოსვლა და ბურთის თავის ნახევარზე გადატანის საშუალება არ მისცა. კამპ ნოუზე გამართულ შეხვედრაში თამაშის 35 პროცენტი ბარსელონას მესამედზე წარიმართა, რეალის მესამედზე კი მხოლოდ - 24.

გუშინდელი შეხვედრის პირველ ტაიმში, რეალი ნაკლებად აგრესიული იყო და მეტოქეს უფრო მეტად მოედნის ცენტრში ხვდებოდა. შედეგად, პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში გამოვიდა, რომელშიც საგოლე მომენტებს ბარსა ქმნიდა. მოკლედ, ჩანდა, რომ თამაში უფრო მეტად ბარსას სცენარით მიდიოდა.

მეორე ტაიმში ზიდანმა თამაში დიამეტრულად გადააწყო. რეალი უფრო აქტიური და აგრესიული გახდა და ისევ ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო მაღალი პრესინგის თამაში - ისე, რომ ბარსელონას დაცვიდან ამოსვლის და თამაშის მის ნახევარზე გადატანის საშუალებას არ აძლევდა.

შედეგად, ბარსელონას ბურთი სათამაშო დროის 57%-ში ეჭირა, თუმცა თამაშის 33% მის მესამედზე წარიმართა, რეალის მესამედზე კი მხოლოდ - 24%. ანუ, ბარსას ბურთი ძირითადად თავის ნახევარზე და მოედნის ცენტრში ეჭირა და მეტოქის კარის სიახლოვეს მისი გადატანა უჭირდა.

ლუის სუარესის ფაქტორი

ლუის სუარესის ტრავმამ ბარსელონა ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დატოვა. სუარესის გარეშე მასირებული დაცვის წინააღმდეგ, სივრცის გარეშე, ბარსას შემტევები იკარგებიან.

გარდა ამისა, სუარესს მეტოქის კარიდან ზურგით, ე.წ. კორპუსით თამაში კარგად შეუძლია და მეტოქის პრესინგის დროს ბარსას ერთადერთი ოპციაა, რომ გრძელი ან საშუალო გადაცემა მიიღოს. ბოლო კლასიკოში ნომინალურად სუარესის პოზიციაზე გრიზმანი თამაშობდა, რომელიც ვერც მეტოქის საჯარიმოში ქმნიდა პრობლემას და მეორე ტაიმში რეალის პრესინგის დროს, ვერც დაცვის ხაზიდან ბურთის მიღებას ახერხებდა. სუარესის გარეშე სეზონის დარჩენილ ნაწილში ბარსელონას ძალიან გაუჭირდება.

რეალის ფლანგები

გადამწყვეტი უპირატესობა რეალმა ფლანგებზე მოიპოვა. ნომინალურად ბარსელონას ფლანგებზე მხოლოდ განაპირა მცველები ჰყავდა. ზიდანმა კი, პირიქით, ფლანგები მაქსიმალურად დატვირთა. შედეგად, მადრიდელები ხშირად ქმნიდნენ რიცხვობრივ უპირატესობას ფლანგებზე.

განსაკუთრებით აგრესიული მარცხენა ფლანგი იყო - ვინისიუსით და შეტევაში მუდამ აქტიური მარსელოთი. რეალის შეტევების 46% სწორედ მარცხნიდან ვითარდებოდა (ცენტრიდან და მარჯვნიდან თითქმის ორჯერ ნაკლები - 27 და 26 პროცენტი).

მარჯვენა ფლანგზე ფედერიკო ვალვერდე, რომელიც მოედნის ცენტრში თამაშობს ხოლმე, უფრო მეტად იყო ფლანგზე გადაწეული. მისი დინამიზმიდან გამომდინარე, ვალვერდე დაცვითი ამოცანების დროს ცენტრში შემოწევას ასწრებდა, შეტევის დროს კი ფლანგზე იყო. კაზემიროს ფენომენალური თამაშის ფონზე, რეალს საყრდენ ზონაში პრობლემა ვალვერდეს გარეშეც არ ჰქონია.

შედეგად, რეალის ორივე გოლები და თითქმის ყველა სახიფათო მომენტი ფლანგებიდან შეტევას მოჰყვა.

გარღვევა ფლანგიდან და მარიანოს მეორე გოლი

შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე მეტჯერ (3-3-ჯერ) პარტნიორები დასარტყმელ პოზიციაზე განაპირა მცველებმა, მარსელომ და კარვახალმა გაიყვანეს.

ვინისიუსი ძალიან აქტიური იყო, 12-ჯერ წავიდა დრიბლინგში და ბევრი დაკარგვის მიუხედავად (8 დაკარგვა), თამაშს მუდამ ამწვავებდა. იქამდე, სანამ ვიდალი მოედანზე იყო, იგი ფლანგს ეხმარებოდა. ვიდალს ძალიან კარგად ეხერხება დაცვითი ფუნქციების შესრულება. ბრაიტვაიტი ჩილელზე უკეთ უტევდა, თუმცა დაცვაში ბევრად ნაკლები დახმარება გაუწია ისედაც პრობლემურ ფლანგს და პირველი გოლიც სწორედ ამას მოჰყვა.

ვინისიუსის პირველი გოლი

ზიდანი ძალიან კარგად მუშაობს

რეალის გულშემატკივარი სულაც არ ვარ, თუმცა, შეუძლებელია, არ ვაღიარო, რომ ზიდანი ძალიან კარგად მუშაობს. მეტიც, ვიტყოდი, რომ ამ სეზონში ტაქტიკური და სტრატეგიული კუთხით მისი მუშაობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე მისი პირველად მისვლისას. თუკი პირველი სამი წლის მანძილზე ზიდანს აწყობილი გუნდი დახვდა, მან ამ სეზონში გუნდი შარშანდელი კრიზისის შემდეგ ჩაიბარა და არსებული რესურსებით თამაში საფუძვლიანად გადააწყო.

ეს არ არის ყველაზე ძლიერი რეალი, თუმცა ზიდანის ხელში გუნდი ყველა მიმართულებით პროგრესირებს. შარშანდელ სეზონში რეალმა 50 გოლი გაუშვა, ამ სეზონში კი 26 თამაშში მხოლოდ 17 (14-ით ნაკლები ვიდრე ბარსელონამ). პირველ 26 ტურში რეალს უფრო მეტი თამაშში აქვს ნოლზე, ვიდრე შარშან მთელ სეზონში.

დაცვის ხაზის შემადგენლობა არ შეცვლილა, თუმცა აგრესიული პრესინგი და მოედნის ცენტრში ვალვერდეს გამოჩენა რეალის დაცვას უკეთესს ხდის.

შეტევაში ზიდანის გუნდი უფრო ნაკლებად შთამბეჭდავია. თუმცა, ეს უფრო საკადრო პრობლემების ბრალია. ედენ აზარმა ლა ლიგაში ტრავმების გამო საერთო სათამაშო დროის მხოლოდ 30 პროცენტი ითამაშა. მის არყოფნაში ზიდანს შეტევაში სულ რამდენიმე ოპცია (ბენზემა, ახალგაზრდა ვინისიუსი და მარიანო, ფორმაში არმყოფი ბეილი) აქვს და ისიც ამ შეზღუდულ რესურსებს მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს.

მარცხის მიუხედავად, საჩემპიონო რბოლაში გადაწყვეტილი არაფერი არ არის. ზიდანის ხელში რეალი სწრაფად პროგრესირებს, თუმცა ბარსელონა განვითარების სხვა ეტაპზეა და ჯამში უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. თუნდაც, საფუძვლიანი ორგანიზაციული პრობლემების ფონზე, ბარსა საჩემპიონო რბოლაში ბოლომდე დარჩება. რეალმა კი ზიდანის ხელში თამაში დიამეტრულად შეცვალა. სტრატეგიული, ორგანიზაციული და ტაქტიკური კუთხით ზიდანმა შთამბეჭდავი სამუშაო გასწია. გუშინდელი გამარჯვებაც პირველ რიგში მის სათამაშო გეგმასთან არის დაკავშირებული. რეალმა შესვენებაზე თამაში შეცვალა და მეორე ნახევარში ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები