Thumbnail
  • ნიუ ორლეანსი 114:122 ლეიკერსი
  • ლებრონს ჯეიმსს 34 ქულა და სამმაგი დუბლი ჰქონდა
  • ზაიონი სამწამიაში შეუჩერებელი იყო - 35 ქულა

NBA-ს ბოლო სათამაშო დღის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ლებრონ ჯეიმსის ლეიკერსისა და ზაიონ უილიამსონის ნიუ ორლეანსის შეხვედრა იყო. მატჩმა გულშემატკივრის ინტერესი გაამართლა - ლეიკერსმა რთული გამარჯვება მოიპოვა, ბოლო წუთებამდე დაძაბულ თამაშში გადამწყვეტი 10 ქულით მოგებული მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა.

მთავარი უპირატესობა კალიფორნიელებს სროლაში ჰქონდათ: ლეიკერსმა თავისი სროლების 51.5% გამოიყენა, ნიუ ორლეანსმა კი მხოლოდ - 42.1. კიდევ უფრო დიდი იყო უპირატესობა პერიმეტრიდან სროლაში. მაშინ როდესაც ლებრონის გუნდმა 35-დან 13 სამქულიანი გამოიყენა, პელიკანსმა 32-დან მხოლოდ 7-ჯერ ჩააგდო (ზუსტი სროლების 21.9%).

ცუდი სროლის ფონზე, ნიუ ორლეანსი უფრო იოლად წააგებდა, რომ არა ჯარიმები და მოხსნები. პელიკანსი ძალიან აქტიური და აგრესიული იყო და 33 ჯარიმა ისროლა, ლეიკერსმა კი მხოლოდ - 10. სწორედ ჯარიმების ხარჯზე ახერხებდა ნიუ ორლეანსი თამაშში დარჩენას. დიდი უპირატესობა ჰქონდათ მათ ფარზეც. მეტოქის ფარზე 15-ჯერ მოხსნეს ბურთი და საბოლოო ჯამში 52 მოხსნა დაუგროვდათ, ლეიკერსის 36-ის წინააღმდეგ.

მატჩის მთავარი ამბავი ლებრონის და ლიგის ამომავალი ვარსკვლავის, ზაიონ უილიამსონის დაპირისპირება იყო. ლებრონს მორიგი ფენომენალური თამაში ჰქონდა. ჯეიმსმა 21-დან 14 სროლა გამოიყენა და შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა. მას 34 ქულა, 12 მოხსნა და 13 პასი ჰქონდა. ყველაზე უკეთ თამაშზე მის გავლენაზე ერთი სტატისტიკური დეტალი მეტყველებს. ლებრონთან ერთად ლეიკერსს +22 ჰქონდა. ორივე გუნდის შემადგენლობაში არცერთ სხვა მოთამაშეს +11-ზე მეტი არ ჰქონია.

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ზაიონი. მას 16-დან 12 სროლა გამოიყენა და იმდენად ათლეტურად გამოიყურებოდა, რომ ლეიკერსის დაცვა უბრალოდ ვერ აჩერებდა. ზაიონი სამწამიანში შეუჩერებელი იყო. შედეგად, 13 ნასროლი ჯარიმა. საერთო ჯამში ზაიონს სულ რაღაც 16 სროლაში 35 ქულა ჰქონდა - ეს მისი ახლადდაწყებული კარიერის საუკეთესო შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ტრავმირებული ენტონი დევისის არყოფნაში, ლებრონს კაელ კუზმა დაეხმარა 20 ქულით.

📺 ნიუ ორლეანსი 114:122 ლეიკერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები