Thumbnail
  • კვალიფიკაციაში მოთამაშე 32 ნაკრები პირველი ფანჯრის შედეგების მიხედვით დაყვეს
  • საქართველოს ნაკრების უკან ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი და სხვები აღმოჩნდნენ

ფიბა ევრობასკეტი 2021-ს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ფანჯარას კიდევ ერთხელ დაუბრუნდა და ტურნირში მონაწილე 32 ნაკრების თამაში შეაფასა.

მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის ვებგვერდზე გუნდებს A, B, C და D კატეგორიები მიაკუთვნეს, საქართველოს კი A- დაუწერეს, რაც ილიას ზუროსის შეგირდების წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე, მოულოდნელი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში შვეიცარიას დამატებით ხუთწუთეულში 96:88 სძლია, შემდეგ კი, სენსაცია მოახდინა და ბელგრადში, სერბეთი 94:90 დაამარცხა. აი, რას წერს ფიბა ქართველ კალათბურთელებზე.

გიორგი შერმადინი ორივე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

საქართველო

შედეგები თებერვალში: +8 შვეიცარიასთან, +4 სერბეთთან
თანრიგი: A-

ერთი გაკვეთილი, რომელიც მიმდინარე სეზონში მივიღეთ. გუნდები, რომელთაც გიორგი შერმადინი ჰყავთ, ჩვეულებრივ, თამაშებს იგებენ.

საქართველოს ნაკრებმა საწყისი ფანჯრის დროს ორივე შეხვედრაში იმარჯვა, შერმადინი კი ერთადერთი კალათბურთელი იყო, ვინც ორივე კვირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

თად მაკფადენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლამის ყველა ადგილიდან ჩაგდება შეუძლია, მითუმეტეს, ბოლო წუთებში.

18 წლის რატი ანდრონიკაშვილი ძალიან პერსპექტიული კალათბურთელია, ილიას ზუროსმა კი ამ მოთამაშეების ერთად შეკვრა მოახერხა.

და მაშინ რატომ მინუსი? იმიტომ, რომ საქართველოს პირველ ტურში შვეიცარიასთან დრამატულ მატჩში ოვერტაიმის ჩატარება მოუხდა.

აღსანიშნავია, რომ ამ არაოფიციალურ რეიტინგში საქართველოზე წინ მხოლოდ ბელგია, ისრაელი (ორივე – A+), ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი და იტალია (ყველა – A) აღმოჩნდნენ, სამაგიეროდ, უკან არიან ესპანეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, გერმანია, სერბეთი, მონტენეგრო (ყველა – B), პოლონეთი, სლოვენია (ორივე – B+), რუსეთი (B-) ლიტვა, თურქეთი (ორივე – C), ლატვია (C+) და სხვები.

კომენტარები

ბოლო ამბები