Thumbnail

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა NCAA-ში განცდილი ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ, მიჯრით მე-3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ილინოისელებმა ბიგ თენის კონფერენციის აუტსაიდერ ნორსვესტერნ ვაილდქეთსს 74:66 სძლიეს, ქართველი კალათბურთელი კი თამაშში ამჯერადაც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

ბეჟანიშვილმა მოედანზე 13 წუთი გაატარა და 2 ქულა და 5 მოხსნა (4 შეტევაში) მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

აღნიშნული სტატისტიკიდანაც სჩანს, რომ ბეჟანიშვილისთვის წარუმატებელი პერიოდი გრძელდება. ქართველმა კალათბურთელმა მიმდინარე სეზონში სასტარტო ხუთეულში დაკარგა და ბოლო ექვს მატჩში ჯამში მხოლოდ 15 ქულა აქვს ჩაგდებული.

ილინოისს კონფერენციაში 11 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და ბიგ თენში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1 მარტს, შინ, ინდიანა ჰუსიერსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები