Thumbnail
  • 'თუ სამწამიან ზონაში შევიდა, მისი შეჩერება ძალიან რთულია'
  • ექსპერტების აზრით, თორნიკე შენგელიას ფარქვეშ ბადალი არ ჰყავს

საკალათბურთო ევროლიგაში გადამწყვეტი მატჩების ეტაპი დგება. 8 ტურიც ის რვა გუნდი გაირკვევა, რომლებიც თამაშს პლეი ოფში გააგრძელებენ, მანამდე კი, ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე მცირე შეჯამება გამოქვეყნდა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეების შესახებ ისაუბრეს.

სხვა საკითხებთან ერთად, ექსპერტებს იმ კალათბურთელის დასახელება სთხოვეს, რომელიც ფარქვეშ ყველაზე სახიფათოა. ორმა მათგანმა – La Gazzetta dello Sport-ის წარმომადგენელმა ლუკა კიაბოტიმა და Eurohoops Spain-ის ჟურნალისტმა ალექს მადრიდმა აღნიშნულის მხრივ პირველ ადგილზე თორნიკე შენგელია დაასახელეს.

ლუკა კიაბოტი (La Gazzetta dello Sport): “ბასკონიას კაპიტანი უდავოდ გამორჩეულია. შენგელია თუ სამწამიან ზონაში შევიდა, მას ბევრი ოპცია აქვს. შეუძლია მეტოქე ერთი ერთზე დაჯაბნოს, რაშიც ფიზიკური მონაცემებიც ეხმარება. თორნიკე ძალიან სწრაფია და მისი მოძრაობაში აყოლა ძნელია. პასიც ეხერხება, რაც მის განეიტრალებას კიდევ უფრო ართულებს”.

ალექს მადრიდი (Eurohoops Spain): “ჩემი ფავორიტი თოკო შენგელიაა. ქართველი კალათბურთელი ფარქვეშ ძალიან დამაჯერებლად მოქმედებს და გასაკვირი არაა, რომ ევროლიგაში შეტევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დამაბოლოებელია. ის უბრალოდ მონსტრია. თუკი ამის მტკიცებულება გინდათ, კითხეთ ბარსელონელ ნიკოლა მიროტიჩს რა მოუვიდა, როდესაც ბასკონიასთან მატჩის ბოლო წამებზე შენგელიას შეჩერებას შეეცადა”.

📺 შენგელიასა და მიროტიჩის მომენტი

შეგახსენებთ, რომ თორნიკეს გუნდმა ევროლიგაში ბოლო მატჩი გუშინ ჩაატარა და ქართველი ფორვარდის ლიდერობით სერბულ ცრვენა ზვეზდას 71:56 სძლია.

შენგელიამ მოედანზე 29:31 წუთი გაატარა და გუნდს 18 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა, ბასკონია კი 10 მოგებითა და 16 მარცხით მე-13 ადგილზეა და სანუკვარ რვეულში გასვლის შანსს ჯერაც ინარჩუნებს.

ვთქვათ ისიც, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკეს საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 30:22 წუთი, 15.7 ქულა, 5.6 მოხსნა, 2.7 პასი.

ბასკონია მომდევნო შეხვედრას 4 მარტს, მიუნხენში, ბაიერნთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები