Thumbnail

'ჩოგბურთო, გემშვიდობები' - მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 32 წლის რუსმა ჩოგბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა
  • მარია შარაპოვა დიდი სლემის ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულია

დიდი სლემის ტურნირების 5-გზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 32 წლის რუსმა ჩოგბურთელმა ამის შესახებ Vanity Fair-ში დაწერა.

"როგორ შეიძლება მიატოვო ერთადერთი ცხოვრება, რომელიც იცი? როგორ შეიძლება წახვიდე კორტებიდან, რომლებზეც ბავშვობიდან ვარჯიშობდი და თამაშიდან, რომელიც გიყვარს? თამაშიდან, რომელიც გჩუქნიდა ცრემლსა და სიხარულს. სპორტიდან, რომელმაც შეგძინა ოჯახი და გულშემატკივრები, რომლებიც 28 წელიწადზე მეტხანს გვერდში გედგნენ. ჩემთვის ეს სიახლეა, ასე რომ, მომიტევეთ. ჩოგბურთო, გემშვიდობები", - დაწერა მარიამ.

მარიას ბოლო ტურნირი 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობა იყო

რუსმა ჩოგბურთელმა კარიერის განმავლობაში ჯამში WTA-ს 39 ტურნირში (36 - ერთეულთა თანრიგში) გაიმარჯვა. მარია ორჯერ როლან გაროსი მოიგო (2012 და 2014 წლებში), თითოჯერ კი ავსტრალიის ღია პირველობა (2008), უიმბლდონი (2004) და აშშ-ის ღია პირველობა (2006). 2008 წელს შარაპოვა ფედერაციის თასის მფლობელი გახდა, 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში კი ვერცხლის პრიზიორი ერთეულთა თანრიგში.

მარია შარაპოვა პოპულარული არამხოლოდ ჩოგბურთის თამაშის გამო იყო 

2016 წლის მარტში მარია შარაპოვას დოპინგ-სინჯმა მელდონიუმი გამოავლინა. ამის გამო ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსი ჩოგბურთელი ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, თუმცა მოგვიანებით სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ვადა 15 თვემდე შეამცირა. 

კომენტარები

ბოლო ამბები